ვახტანგ მახარობლიშვილი - საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად ​დასაქმების შეთანხმებაზე მზაობა ბულგარეთმა და გერმანიამაც გამოთქვეს
ვახტანგ მახარობლიშვილი - საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად ​დასაქმების შეთანხმებაზე მზაობა ბულგარეთმა და გერმანიამაც გამოთქვეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების კუთხით გაფორმებულ ხელშეკრულებაზე განმარტებებს აკეთებს.

როგორც მახარობლიშვილი ამბობს, კანონის დამტკიცების შემდეგ მნიშვნელოვანია ის შემდგომი ტექნიკური სამუშაოები, რომელიც საფრანგეთსა და საქართველოს შორის უნდა გაიმართოს.

„სასიხარულოა, რომ ის პროცესი, რომელიც საფრანგეთთან დიდხანს მიმდინარეობდა წარმატებით დასრულდა. ხელშეკრულება რატიფიცირებულია საფრანგეთის პარლამენტის მიერ და სულ ახლახან საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ არის ხელმოწერილი. ამ ხელშეკრულებით 150 ახალგაზრდას, სტუდენტს მიეცემა საშუალება სწავლის დასრულების შემდეგ საფრანგეთში და საქართველოში გარკვეული კვალიფიკაცია აიმაღლოს. ამ პერიოდში მათ ბინადრობის უფლებაც ექნებათ. მუშაობის დასრულების შემდეგ კი საკუთარ ქვეყნებს დაუბრუნდნენ. ეს კვოტა ორივე მხარეს, როგორც საქართველოს, ისე საფრანგეთის მოქალაქეებს ეხებათ.

ამის გარდა იქნება კიდევ 500 კვოტა განსაზღვრული ორივე ქვეყანაზე, რომელიც უკვე ზრდასრულ ადამიანებს შეეხებათ. მათაც კვალიფიკაციის ამაღლების და მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ.

ამ ხელშეკრულების გაფორმება არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქემ ქუდი დაიხუროს და სამუშაოს საძიებლად საფრანგეთში ხვალ გაემგზავროს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ის შემდგომი ტექნიკური სამუშაოები, რომელიც ორ ქვეყანას შორის უნდა გაიმართოს. ამ პროცესში საერთაშორისო მიგრაციის ორგანიზაცია დაგვეხმარება“,- აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

მისივე განმარტებით, უნდა მოხდეს კონკრეტული სპეციალობების, პროფესიების იდენტიფიცირება, რომელი მიმართულებითაც არის მოთხოვნა.

„მას შემდეგ, რაც შერჩეული იქნება ეს პროფესიები, შემდეგ შესაბამისი წარმომადგენლები უნდა შეირჩეს როგორც საქართველოში, ისე საფრანგეთში, რომლებიც მუშაობისთვის საჭირო მოთხოვნებს და კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ. პროფესიონალი მოქალაქეების გაცვლა მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება“,- განაცხადა მახარობლიშვილმა.

მისივე თქმით, ტექნიკური სამუშაოების ვადები ჯერ განსაზღვრული არ არის.

„ვადები განსაზღვრული არ არის. თუმცა ჩვენი სურვილია და მონდომებაც, რომ ეს პროცედურები და დეტალები მაქსიმალურად მოკლე ვადაში დავაზუსტოთ“,- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მახარობლიშვილის განცხადებით, კოსულტაციები აღნიშნულ საკითხზე სხვა ქვეყნებთანაც აქვთ. როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ შეთანხმებაზე მზაობა ბულგარეთმა და გერმანიამაც გამოთქვეს.

„ევროკავშირის და ევროპის მეტნაკლებად ყველა სახელმწიფოსთან გვაქვს ამგვარი შეთავაზება და კონსულტაციები. ბულგარეთთან პოლიტიკური კონსულტაციები გვქონდა, რომლის ფარგლებშიც ბულგარეთმა დაადასტურა მზაობა, რომ მსგავს შეთანხმებაზე მუშაობა უკვე დავიწყოთ. გერმანიისგანაც მზაობაა. მერკელის ვიზიტის დროსაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გერმანიასთანაც მსგავსი ხელშეკრულების დაწყების კონტექსტშიც აქტიურ ფაზაში შევალთ“,- განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.