ვახტანგ მახარობლიშვილი - ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ხაზს უსვამს, რომ ნატო-ში (NATO) საქართველოს გაწევრიანება შეუქცევადი პროცესია
ვახტანგ მახარობლიშვილი - ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ხაზს უსვამს, რომ ნატო-ში (NATO) საქართველოს გაწევრიანება შეუქცევადი პროცესია

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, თავად ის ფაქტი, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს მეხუთედ სტუმრობს, უკვე არის სერიოზული პოლიტიკური გზავნილი.

„ეს არის მეხუთე ვიზიტი საბჭოსი, რაც თავისთავად უპრეცედენტოა ალიანსის პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაში. ეს თავისთავად ხაზს უსვამს იმ მნიშვნელობას, რომელსაც ნატო (NATO) ანიჭებს საქართველოსთან თანამშრომლობას. ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ალიანსის ერთ-ერთი გამორჩეული პარტნიორი ასპირანტი ქვეყნისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი“, – განაცხადა მახარობლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, შემთხვევითი არ არის, რომ საბჭოს ვიზიტს ბათუმი მასპინძლობს, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ნატო-სა და საქართველოს შორის აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს შავი ზღვის უსაფრთხოების გაზრდისა და განმტკიცების თვალსაზრისით და ამ საკითხში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია. მახარობლიშვილის თქმით, საბჭო, როგორც ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო ალიანსში, ადგილზე გაეცნობა  მიმდინარე სიტუაციას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობებს, ასევე რეფორმებს, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს.

„დინამიკა საქართველოსა და ნატო-ს შორის უკიდურესად მაღალი და ინტენსიურია. საბჭოს ვიზიტი არის პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების კონტექსტში და ხაზს უსვამს ფაქტს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება შეუქცევადი პროცესია“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი 3-4 ოქტომბერს გაიმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში იქნება ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენელი, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი უხელმძღვანელებს.