ვახტანგ მახარობლიშვილი - რეადმისირებული მოქალაქეების მიმართ იგეგმება გარკვეული ჯარიმების დაწესება
ვახტანგ მახარობლიშვილი - რეადმისირებული მოქალაქეების მიმართ იგეგმება გარკვეული ჯარიმების დაწესება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით იგეგმება გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები. მისი თქმით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრთან საგანგებო თათბირზე ისაუბრეს.

როგორც მახარობლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე, კონკრეტულ ცვლილებებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა ამბობს, რომ ეს შეეხება პასპორტის გაცემას, სახელისა და გვარის შეცვლის გართულებასა და ასევე გარკვეული ჯარიმების დაწესებას რეადმისირებული პირების მიმართ.

„ამ ეტაპზე, გამიჭირდება საკანონმდებლო ცვლილებაზე კონკრეტულად ლაპარაკი, თუმცა ეს იქნება მიმართული პასპორტის გაცემასთან დაკავშირებით, სახელისა და გვარის გამოცვლა გართულდება, ასევე რეადმისირებული მოსახლეობის მიმართაც იგეგმება გარკვეული ჯარიმების დაწესება.

რეადმისიის კუთხით აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო ძალიან წარმატებულად თანამშრომლობს პარტნიორებთან, 95% პროცენტზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს ჩვენი რეადმისირებული მოქალაქეების.

დანაშაულის შემცირების კუთხით ზომების გატარებას რაც შეეხება, მნიშვნელოვანი იქნება, უფრო აქტიურად ვითანამშრომლოთ ევროპელ პარტნიორებთან. პოლიციის ატაშეების ინსტიტუტმა ძალიან კარგად იმუშავა, მაგრამ მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო მეტად მოხდეს ინფორმაციების გაცვლა, ამ კუთხით შსს-ს მინისტრის ვიზიტები იგეგმება მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

მისი თქმით, დაგეგმილია საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღა, რომლის მთავარი მიზანი იქნება, მოქალაქეებს მაქსიმალურად მიაწოდონ ინფორმაცია, რათა მათ ისეთი ნაბი არ გადადგან, რომელიც კიდევ უფრო დააზიანებს თუნდაც მათ პირად ფინანსურ მდგომარეობას.