ვახტანგ მახარობლიშვილი - ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე დაფიქსირდა პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა
ვახტანგ მახარობლიშვილი - ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე დაფიქსირდა პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე დაფიქსირდა პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრიდან დაბრუნების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მოკავშირეების მხრიდან პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მიერ წლიური ეროვნული პროგრამის შესრულება, ასევე ალიანსმა გამოხატა შეშფოთება რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო და გამოთქვა მზადყოფნა, გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით.

როგორც მახარობლიშვილმა განაცხადა, მოკავშირეებს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებისა და მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ.

„ალიანსის წევრების მხრიდან ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირდა, რომ საქართველო წინ მიდის და წარმატებით ახორციელებს იმ რეფორმებს, რომლებიც არის გათვალისწინებული სამოქმედო გეგმით. შეხვედრაზე ასევე დაფიქსირდა პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას გაზრდის და თავსებადობაში მოიყვანს ნატო-ს სტანდარტებთან. საუბარი იყო უსაფრთხოების თემატიკაზე, ალიანსის წევრებს და გენერალურ მდივანს განახლებული ინფორმაცია მივაწოდე ოკუპირებული ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებთან და ზოგადად რუსეთთან კონფლიქტის თემატიკაზე. ალიანსის წევრებმა მკაფიოდ დააფიქსირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემა. ასევე, ვისაუბრეთ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების თემებზე. ალიანსის წევრებმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით და მზაობა დააფიქსირეს საქართველოსთან კიდევ უფრო გააქტიურდეს თანამშრომლობა შავი ზღვის კონტექსტში“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ნატო-ს შტაბ-ბინაში მუდმივი წარმომადგენლების დონეზე გაიმართა. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საქართველოს 2018 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შეფასების დოკუმენტი განიხილეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. როგორც ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შეხვედრაზე განაცხადა, საქართველო წინ მიიწევს და ეფექტიანად იყენებს ყველა მექანიზმს, რაც მას ნატო-ს წევრობასთან აახლოებს.