ვახტანგ მახარობლიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ ილია დარჩიაშვილი კიდევ ერთხელ ეწვია ბრიუსელს, გრძელდება მაღალი დონის შეხვედრები ევროკომისრებთან
ვახტანგ მახარობლიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ ილია დარჩიაშვილი კიდევ ერთხელ ეწვია ბრიუსელს, გრძელდება მაღალი დონის შეხვედრები ევროკომისრებთან

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი კიდევ ერთხელ ეწვია ბრიუსელს, იმ ფონზე, როდესაც საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრი უმასპინძლებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას, – ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი კიდევ ერთხელ ეწვია ბრიუსელს. გრძელდება მინისტრის მაღალი დონის შეხვედრები ევროკომისრებთან. მოგეხსენებათ, რა უმნიშვნელოვანეს პროცესში ვიმყოფებით. ევროკომისია ამზადებს ე.წ. მოსაზრებას ჩვენს განაცხადთან დაკავშირებით. შესაბამისად, ევროკომისრები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროკომისიის მოსაზრების ჩამოყალიბების პროცესში“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სექტორული თანამშრომლობა საქართველო-ევროკავშირს შორის, ვინაიდან ეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ევროკავშირში გაწევრიანების ქვაკუთხედია.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ წელს, იმ ფონზე, როდესაც საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უმასპინძლებს მიღებას, რომელიც მიძღვნილია საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი. ღონისძიება სიმბოლურად გაიმართება ევროკავშირის პოლიტიკური დედაქალაქის მთავარ მოედანზე, მერიის შენობაში“, – განმარტა მახარობლიშვილმა.

მისი თქმით, ღონისძიების ფარგლებში, მინისტრს ექნება შესაძლებლობა, დამსწრე საზოგადოებას გაუზიაროს მნიშვნელოვანი გზავნილები საქართველოს ევროპული იდენტობისა და ჩვენი ევროპულ ოჯახში დაბრუნების მნიშვნელობის შესახებ.