ვახტანგ მახარობლიშვილი - მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი ხაზს უსვამს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და სიმტკიცეს
ვახტანგ მახარობლიშვილი - მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი ხაზს უსვამს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და სიმტკიცეს

მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი ხაზს უსვამს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და სიმტკიცეს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკური თანამშრომლობა, ვაჭრობა, განათლება და ა.შ.

„დღეს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება უმაღლეს დონეზე პრემიერთან, პრეზიდენტთან და და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მდივანი შეხვედრას გამართავს კათალიკოს პატრიარქთან.

შეხვედრისას მხარეები განიხილავენ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებულ სფეროებს, როგორიცაა: უსაფრთხოება და თავდაცვა, ეკონომიკური თანამშრომლობა და ვაჭრობა, ხალხთაშორისი კონტაქტები და განათლება, საქართველოს დემოკრატიასთან დაკავშირებული თემატიკა.

მხარეები ისაუბრებენ საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოებაზე და ამ კონტექსტში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განმტკიცებისა და განვითარების შესაძლებლობებზე.

ვიზიტის ფარგლებში, ქართულ მხარეს შესაძლებლობა მიეცემა, მაიკ პომპეოს ინფორმაცია მივაწოდოთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მახარობლიშვილმა.

მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტი ხაზს უსვამს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და მის სიმტკიცეს.

„მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი ხაზს უსვამს აშშ-ის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტი ხორციელდება გლობალური პანდემიის პირობებში. საქართველო მადლიერია იმ მხარდაჭერის, რომელიც შტატებმა გასწია და უწევს ჩვენს ქვეყანას პანდემიასთან გამკლავების პროცესში.

აქვე აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, ყველა დაგეგმილი ღონისძიება ხორციელდება პანდემიით გათვალისწინებული უსაფრთხოების შესაბამისი პროტოკოლის დაცვით“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.