ვახტანგ მახარობლიშვილი - იმედი გვაქვს, საზღვრების გახსნისთანავე, საქართველოში ტურისტული ნაკადი გაიზრდება
ვახტანგ მახარობლიშვილი - იმედი გვაქვს, საზღვრების გახსნისთანავე, საქართველოში ტურისტული ნაკადი გაიზრდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, მწვანე ქვეყნების სიაში საქართველოს შეყვანა იყო ჩვენი ქვეყნის აღიარება, რომ საქართველომ პანდემიასთან ბრძოლის კუთხით გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

მისივე თქმით, ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ჯანდაცვის ფაქტორებთან ერთად გათვალისწინებული იყო ეკონომიკური ფაქტორებიც.

„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება (ევროკავშირის) იყო, როდესაც საქართველო შეიყვანეს იმ 15 ე.წ. მწვანე ქვეყნების სიაში. რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენი ქვეყნის აღიარება, რომ საქართველომ მართლაც წარმატებით ჩააბარა გამოცდა პანდემიასთან ბრძოლის კუთხით. როდესაც ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებას იღებდა, მხოლოდ ჯანდაცვის ფაქტორები არ იყო გათვალისწინებული, არამედ გათვალისწინებული იყო ეკონომიკური ფაქტორებიც.

ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ ეს გადაწყვეტილება არის სარეკომენდაციო ხასიათის. ანუ, წევრ ქვეყნებს ბრიუსელმა დაუტოვა მოქნილობა, რომ მოდალობები თვითონ შეიმუშაონ, რამდენად გაიზიარებენ ისინი ამ სიას ან თუ გაიზიარებენ, შემდეგ უკვე პროცედურულ ნაწილში რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

ახლა, აუცილებელია ვიმუშაოთ, როგორც ბრიუსელთან, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რათა შევჯერდეთ მოდალობებზე, პირობებზე და იმის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილებები. ჩვენ ეს პროცესი უკვე დაწყებული გვაქვს, ვმუშაობთ ცალკეულ ქვეყნებთან. არიან ქვეყნები, რომლებიც უპირობოდ ხსნიან საზღვრებს, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით. არის ბევრი სხვა ქვეყანა, რომელიც სხვადასხვა მოდალობებზე და პროტოკოლურ -პროცედურულ ნაწილებზე საუბრობს.

შემიძლია დავასახელო იგივე გერმანია, იგივე ბალტიის ქვეყნები, რომლებმაც განაცხადეს უკვე, რომ უპირობოდ ხსნიან საზღვრებს. არის სხვა ქვეყნები, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, ზოგადად გარკვეული პროტოკოლი შეიმუშავეს, იგივე ტემპერატურის გაზომვასთან დაკავშირებით, ან აეროპორტში ტესტირებასთან დაკავშირებით და ა.შ. მაგალითად, საბერძნეთს აქვს შემუშავებული სპეციალური პროტოკოლი, რომელიც უნდა დაიცვას საბერძნეთში ჩამსვლელმა მესამე ქვეყნის წარმომადგენელმა“, – განაცხადა მახარობლიშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ საზღვრების გახსნასთან ერთად, ტურისტული ნაკადიც გაიზრდება.

„რა მომენტშიც საზღვრები გაიხსნება, იმედი გვაქვს, რომ გაიზრდება ტურისტული ნაკადი საქართველოში. გამომდინარე იქედან, რომ საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა კოვიდ ბრძოლასთან მიმართებით, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროპელი ტურისტის სეგმენტს საქართველოში კიდევ უფრო მეტად გავზრდით“, – განაცხადა მახარობლიშვილმა.