ვახტანგ მახარობლიშვილი - გერმანიის კანცლერის ვიზიტი არის დასტური, რომ საქართველო გერმანიის დღის წესრიგში აქტუალური და მნიშვნელოვანია  
ვახტანგ მახარობლიშვილი - გერმანიის კანცლერის ვიზიტი არის დასტური, რომ საქართველო გერმანიის დღის წესრიგში აქტუალური და მნიშვნელოვანია  

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტისას შეხვედრებზე საუბარი იქნება ჩვენთვის პრიორიტეტულ და მნიშვნელოვან ყველა თემაზე, ისევე, როგორც ორმხრივი თანამშრომლობისა და მრავალმხრივი ურთიერთობების კონტექსტში აქტუალურ თემებზე, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიის კანცლერი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს  ეწვევა.

„პროგრამა მართლაც დატვირთული და ძალზედ საინტერესოა.  ვიზიტის ფარგლებში გერმანიის კანცლერი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრთან როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებული ფორმატით. შეხვედრა შედგება საქართველოს პრეზიდენტთან. გერმანიის კანცლერი შეხვდება ქართველ სტუდენტებსაც და ეწვევა საოკუპაციო ხაზს“, – განაცხადა მახარობლიშვილმა.

ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხება გერმანიასთან პოლიტიკური დიალოგის ინტენსიფიკაციას.

„საუბარი იქნება არსებული პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო ინტესიფიკაციაზე და ახალი შესაძლებლობების ძიებაზე. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გერმანიის კანცლერი ადგილზე გაეცნობა როგორც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე  არსებულ სიტუაციას“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

მისი შეფასებით, გერმანია ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებაში –   1918 წელს, ისევე როგორც 90-იანი წლებიდან მოყოლებული.

„შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გერმანიის როლის გაძლიერება იმ სამშვიდობო პოლიტიკის ხელშეწყობის მიმართულებით, რაც საქართველოს ხელისუფლებას აქვს კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით. გერმანია ამ კუთხითაც აქტიურია და წარსულშიც არაერთი სამშვიდობო ინიციატივით გამოვიდა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მომავალში გერმანიის როლი კიდევ უფრო გაიზარდოს რუსეთთან კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით“, – განაცხადა მახარობლიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ეკონომიკურ განზომილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანელი და ქართველი მეწარმეების მონაწილეობით დაგეგმილი ღონისძიება ხელს შეუწყობს და დამატებით ბიძგს მისცემს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას.

ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, გერმანია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დონორია საქართველოსთვის, არაერთი გერმანული კომპანია საქმიანობს საქართველოში. შესაბამისად, მისი შეფასებით, სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს ვიზიტი დამატებით იმპულსს და ბიძგს მისცემს იმ მრავალგანზომილებიან თანამშრომლობასა და ურთიერთობებს, რაც საქართველო-გერმანიას შორის დინამიურად ვითარდება“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ.

როგორც მან განმარტა, განხილული იქნება ყველა აქტუალური  თემა, მათ შორის განათლების სფერო, რადგან გერმანია წლების მანძილზე,  ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და  მხარს უჭერდა  საქართველოს განათლების რეფორმირების მიმართულებით.

„შესაბამისად, შეხვედრებზე ასევე ხაზი გაესმევა ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო ინტენსიფიკაციას“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

მისი შეფასებით, გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში უაღრესად მნიშვნელოვანი და დასტურია, რომ საქართველო არის აქტუალური და მნიშვნელოვანი გერმანიის დღის წესრიგში.

„საბოლოო ჯამში, მინდა აღვნიშნო, რომ ბუნებრივია, ვიზიტი ატარებს უაღრესად დიდ მნიშვნელობას ჩვენთვის და ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო ინტენსიფიკაციისთვის. ვიზიტი არის ნათელი დასტური, რომ საქართველო არის აქტუალური და მნიშვნელოვანი გერმანიის დღის წესრიგში, რომლისთვისაც ზოგადად, როგორც ევროკავშირის მოწინავე ქვეყნისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან პოლიტიკა ყოველთვის აქტუალური იყო და ამ მიმართულებით განსაკუთრებულ როლს თამაშობდა ჩვენს რეგიონში. შესაბამისად, ეს ვიზიტიც იქნება დასტური,  რომ გერმანიას აქვს სურვილი და მზაობა, კიდევ უფრო მეტი როლი შეასრულოს, როგორც ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ისე ზოგადად, რეგიონში“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვევა.