ვახტანგ მახარობლიშვილი გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა
ვახტანგ მახარობლიშვილი გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებულ ინტენსიურ დღის წესრიგს და სტრატეგიულ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. ყურადღება გამახვილდა იმ საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე, რასაც ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები ეფუძნება. ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმების მნიშვნელობას, რომელიც 2021 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში  და აღნიშნული დოკუმენტით წარმოქმნილი შესაძლებლობების სრულფასოვან ათვისებას. ამასთან, აღინიშნა „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ – ორმხრივი ურთიერთობების მთავარი პლატფორმის როლი, როგორც ინტენსიური პოლიტიკური დიალოგის, ასევე სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს 2021 წლის განმავლობაში მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების შესაძლებლობებზე.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოში არსებული ეპიდვითარება და არსებული გამოწვევები. COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის კონტექსტში, ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. ვახტანგ მახარობლიშვილმა და ბრიტანელმა დიპლომატმა ასევე ისაუბრეს ვაქცინაციის პროცესზე. ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე საკითხებისა და პოსტპანდემიურ გარემოში თანამშრომლობის პერსპექტიულ მიმართულებებზე საუბრის პარალელურად, მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები. ამ კონტექსტში, მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა გაერთიანებული სამეფოს ჩართულობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ მახარობლიშვილმა ბრიტანელ დიპლომატს საქმიანობაში წარმატებები უსურვა.