ვახტანგ მახარობლიშვილი - ფედერიკა მოგერინისთან შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა პოზიტიურად შეფასდა
ვახტანგ მახარობლიშვილი - ფედერიკა მოგერინისთან შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა პოზიტიურად შეფასდა

საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინისთან შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა პოზიტიურად შეფასდა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მოგერინისთან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს და არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე, ბუნებრივია, საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას და კონკრეტულად ბატონი ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების თემატიკას. ქალბატონმა მოგერინიმ სრულად გაიზიარა მწუხარება და ასევე აღშფოთება გამოხატა საკითხთან მიმართებით, აღნიშნა, რომ მზად არის, ჩაერთოს პროცესებში ადგილზე და ბუნებრივია, ევროკავშირის მისია მუდმივად არის ჩართული ამ თემებთან მიმართებით.

რაც შეეხება სხვა თემებს, განვიხილეთ ასევე ვიზალიბერალიზაციის საკითხი. ევროკავშირი მიესალმება ქართული მხარის ძალისხმევას და გამოხატავს მზაობას, გავწიოთ ერთობლივი ძალისხმევა, რათა ის გამოწვევები, სირთულეები რაც ამ მიმართულებით არსებობს, აღმოიფხვრას“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინის დღეს შეხვდა.