ვახტანგ მახარობლიშვილი - საგარეო საქმეთა საბჭოს ფორმატში გვექნება შესაძლებლობა, ევროპელ კოლეგებს მივაწოდოთ ინფორმაცია, რა გაკეთდა და რა იგეგმება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე
ვახტანგ მახარობლიშვილი - საგარეო საქმეთა საბჭოს ფორმატში გვექნება შესაძლებლობა, ევროპელ კოლეგებს მივაწოდოთ ინფორმაცია, რა გაკეთდა და რა იგეგმება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე

ევროკავშირში საქართველოს ელჩის, ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანია თავად ის ფაქტი, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაში მონაწილეობს.

მისივე თქმით, სწორედ ამ ფორმატში იქნება კარგი შესაძლებლობა, ევროპელ კოლეგებს მიაწოდონ ინფორმაცია, რა გაკეთდა საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით, რა იგეგმება და რა არის გასაკეთებელი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

ვახტანგ მახარობლიშვილის განმარტებით, ასევე საუბარი შეეხება ევროპაში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს, რუსეთის აგრესიას.

„უპირველესად, მინდა, ყურადღება გავამახვილო და ხაზი გავუსვა უშუალოდ ფაქტის მნიშვნელობას. რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოწვეულია და მონაწილეობას იღებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაში. ვფიქრობთ, რომ ეს არის დროული, საჭირო და მნიშვნელოვანი სწორედ იმ ფაქტორებისა და პროცესების გათვალისწინებით, რა პროცესებშიც იმყოფება დღეს საქართველო. საუბარია იმ გადაწყვეტილებების მოლოდინში ყოფნაზე, რომელიც ევროკავშირმა უნდა მიიღოს საქართველოსთან მიმართებით წლის ბოლოს, ასევე იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რაც დაკავშირებულია ევროპაში უსაფრთხოების გამოწვევებთან, აგრეთვე, იმ როლთან მიმართებით, რომელსაც საქართველო ასრულებს და შეუძლია შეასრულოს რეგიონში ევროპასთან მიმართებით.

დღევანდელი შეხვედრა იქნება უნიკალური შესაძლებლობა, საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგებს, 27-ვე კოლეგას მიაწოდოს ინფორმაცია. სხდომაში ასევე მონაწილეობს გაფართოების საკითხებში ევროკომისარი და სხდომას თავმჯდომარეობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ბატონი ბორელი. სწორედ ამ ფორმატში ჩვენ გვექნება ძალიან კარგი შესაძლებლობა, გავცვალოთ მოსაზრებები და მივაწოდოთ ევროპელ კოლეგებს ინფორმაცია, რა გაკეთდა აქამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით, რა იგეგმება და რა არის გასაკეთებელი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ასევე, როგორც აღვნიშნე, საუბარი იქნება ევროპაში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთის აგრესიასა და იმ ზეგავლენაზე, რომელიც ამ უსაფრთხოების გამოწვევებს მოაქვს რეგიონში“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

გარდა ამისა, ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, მინისტრ ილია დარჩიაშვილს ექნება შესაძლებლობა, კოლეგებს მიაწოდოს ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე.

„სხდომაზე საუბარი იქნება ასევე იმ ახალ ინიციატივებზე, ახალ პროექტებზე, რომლებზეც არის და, შესაძლოა, მომავალში იყოს საუბარი ევროკავშირ-საქართველოს შორის, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს როგორც ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის განვითარებას, ასევე ხელს შეუწყობს ენერგეტიკულ და სტრანსპორტო დივერსიფიკაციას ევროკავშირისთვის.

აღნიშნულ ფორმატში მესამე ქვეყნის წარმომადგენლები წარსულშიც მიწვეული ყოფილან, თუმცა ეს არ ხდება ხშირად. ეს მართლაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ძალიან მნიშვნელოვან დროს, როდესაც საქართველო ელოდება ე.წ. შუალედურ ანგარიშს ევროკავშირის მხრიდან იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, ასევე წლის ბოლოს საქართველო ელოდება ევროკომისიის შესაბამის ანგარიშს და შემდეგ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს, რა ნაბიჯებს დგამს საქართველო როგორც 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის კუთხით, ასევე ისაუბრებს იმ ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ რამდენიმე დღის წინ წარვუდგინეთ ევროკავშირში. პირველად მოხდა, როდესაც გაფართოების პაკეტის ფარგლებში საქართველომ წარმოადგინა ანგარიში იმ საქმიანობების შესახებ, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ახორციელებს, ფაქტობრივად, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ყველა სექტორის მიმართულებით. გარდა იმისა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იღებს მონაწილეობას ასეთ მნიშვნელოვან სხდომაში, შეხვედრა გაიმართება ბატონ ოლივერ ვარჰეისთან, ასევე მასპინძელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.