ვახტანგ მახარობლიშვილი - ელჩების დისკუსია სასარგებლოა 12 პრიორიტეტთან და ყველა მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში, რომელიც დაკავშირებულია საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგთან
ვახტანგ მახარობლიშვილი - ელჩების დისკუსია სასარგებლოა 12 პრიორიტეტთან და ყველა მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში, რომელიც დაკავშირებულია საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგთან

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს ელჩები, სამინისტროს ხელმძღვანელობის თაოსნობით, შევიკრიბეთ და ვმსჯელობთ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რა გზავნილები დავაფიქსიროთ, რათა ჩვენთვის სასურველი შედეგები მივიღოთ წლის განმავლობაში და წლის ბოლოს, – ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა ბერლინში განაცხადა, სადაც ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ელჩების ამბასადორიალი მიმდინარეობს.

მისი თქმით, წელს საქართველო ევროკავშირთან გაფართოების კონტექსტში უაღრესად მნიშვნელოვან პროცესშია.

„ჩვენ სულ მალე ველოდებით ევროკომისიის მხრიდან ზეპირსიტყვიერ მოხსენებას, რომელსაც წარუდგენს ევროკავშირის საბჭოს, თუ როგორ მიმდინარეობს იმპლემენტაციის პროცესი გაფართოების ქვეყნების მიერ, ხოლო წლის ბოლოს ველოდებით უკვე წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას საქართველოსთან მიმართებით, მოგვანიჭებენ თუ არა სტატუსს. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ გადაწყვეტილებას ღებულობს მთლიანად ევროკავშირი, 27 წევრი სახელმწიფო, უაღრესად მნიშვნელოვანია, და ვიტყოდი საჭიროც, დღევანდელი შეხვედრა, როდესაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს ელჩები, სამინისტროს ხელმძღვანელობის თაოსნობით, შევიკრიბეთ და განვიხილავთ, ვმსჯელობთ, ვღებულობთ ინსტრუქციებს და დავალებებს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რა გზავნილები უნდა დავაფიქსიროთ, რათა ჩვენთვის სასურველი შედეგები მივიღოთ წლის განმავლობაში და წლის ბოლოს.

რა თქმა უნდა, დღევანდელი დისკუსია, როგორც 12 პრიორიტეტთან მიმართებით და ყველა სხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია საქართველო-ევროკავშირის ძალიან ფართო დღის წესრიგთან, არის ძალიან სასარგებლო, საჭირო. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დისკუსიების შემდეგ ელჩები თავ-თავიანთ დედაქალაქებში დავბრუნდებით განახლებული ძალისხმევით, რომ წლის ბოლოს მივიღოთ ის შედეგი, რა შედეგიც უნდა ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა მახარობლიშვილმა.