ვახტანგ მახარობლიშვილი - დონალდ ტუსკმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები პოზიტიურად შეაფასა
ვახტანგ მახარობლიშვილი - დონალდ ტუსკმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები პოზიტიურად შეაფასა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს.

მისივე თქმით, დონალდ ტუსკმა პოზიტიურად შეაფასა ის განვითარება და რეფორმები, რაც საქართველოში მიმდინარეობს.

როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს წარმატება იქნება კარგი მაგალითი სხვა პარტნიორი ქვეყნებისთვისაც.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ძალიან კარგი და საინტერესო შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს. ეს ურთიერთობები ძალიან პოზიტიურად შეფასდა. ურთიერთობები ვითარდება ძალიან დინამიურად და კიდევ უფრო გაღრმავდება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა პოზიტიურად შეაფასა ის განვითარება და რეფორმები, რაც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს და განაცხადა, რომ საქართველოს წარმატება იქნება კარგი მაგალითი სხვა პარტნიორი ქვეყნებისთვისაც.

რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე სხვა მოვლენებსაც, კონფლიქტთან დაკავშირებულ სიტუაციას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასაც. ევროპული მხრიდან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ევროპული მხრიდან მზაობას, რომ აქტიური როლი ითამაშონ ამ პრობლემის მოგვარებაში”,- განაცხადა მახარობლიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრით დაიწყო.