ვახტანგ მახარობლიშვილი - ასოცირების შესახებ ანგარიშში ევროკავშირი პოზიტიურად აფასებს იმ პროცესებსა და რეფორმებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს
ვახტანგ მახარობლიშვილი - ასოცირების შესახებ ანგარიშში ევროკავშირი პოზიტიურად აფასებს იმ პროცესებსა და რეფორმებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს

ევროკავშირი პოზიტიურად აფასებს იმ პროცესებსა და რეფორმებს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, როგორც საკანონმდებლო დაახლოების მიმართულებით, ისე შესაბამის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის კუთხით, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროკავშირის ანგარიშთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ანგარიშში კარგად ჩანს ის ინტენსივობა და აქტიური დინამიკა, რომელიც არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის საგარეო და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე, რაც ასევე აისახება საგარეო პოლიტიკის პოზიციონირების თანხვედრის მიმართულებით.

მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი საქართველოს მიიჩნევს, როგორც მთავარ პარტნიორს რეგიონში და კიდევ ერთხელ მკაფიოდ საუბრობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემაზე. ასევე, ხაზს უსვამს მის აქტიურ ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

„დოკუმენტი ყოვლისმომცველია და ფაქტობრივად, საუბრობს ყველა იმ სექტორზე, რომელიც არსებობს საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგში და ამ კუთხით, ევროკავშირის შეფასებით, წარმატებით ხორციელდება რეფორმები როგორც შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით, ასევე გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების კუთხით. პოზიტიურად არის შეფასებული განათლების რეფორმების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოს გააჩნია. პოზიტიურად ფასდება ის ძალისხმევაც, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით“, – განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, მიმდინარე წლის დაგეგმარების პროცესში გათვალისწინებული იქნება ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 2020 წელი ასევე გამორჩეული იქნება თავისი დინამიკით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. ასოცირების შეთანხმება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით და იმ საბოლოო მიზნის მიღწევის პროცესში, რასაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ჰქვია“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

2020 წლის 7 თებერვალს ევროკავშირმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ. ეს უკვე რიგით მეოთხე ანგარიშია ასოცირების შეთანხმების 2016 წელს ძალაში შესვლის შემდეგ. მოცემული ანგარიშის საფუძველზე მოხდება საქართველო-ევროკავშირის არსებული ასოცირების დღის წესრიგის განახლება მომდევნო წლებისთვის.