ვახტანგ ხმალაძე - თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ოპოზიციის საარჩევნო პროექტის​ კონსტიტუციურობაში, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს
ვახტანგ ხმალაძე - თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ოპოზიციის საარჩევნო პროექტის​ კონსტიტუციურობაში, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს

თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ოპოზიციის მიერ შემუშავებული საარჩევნო პროექტის​ კონსტიტუციურობაში, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა.

ვახტანგ ხმალაძემ ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებული საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების კონსტიტუციური პირობების პროექტი შეაფასა.

„თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ოპოზიციის მიერ შემუშავებული საარჩევნო პროექტის​ კონსტიტუციურობაში, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და იდავოს არაკონსტიტუციურობაზე. მთავარი არსი ამ კანონპროექტის არის ის, რომ ამ მოდელის მიხედვით, პარტიის კუთვნილი მანდატების რაოდენობა განისაზღვრება 150-ის იმდენი პროცენტით, რამდენი პროცენტის ხმაც მიიღო ამ პარტიამ. დღეს მოქმედ კანონში, ეს პროცენტი განისაზღვრება 77 მანდატიდან და შესაბამისი რაოდენობის მანდატებს ემატება მაჟორიტარულ ოლქში მიღებული მანდატები. ჩვენ მიერ წარმოდგენილი მოდელი ამბობს შემდეგ რამეს, თუ პირობითად პარტიამ მიიღო ხმების 30%, მას ეკუთვნის 45 მანდატი, (150-ის 30%) თუ ამ პარტიამ მოიგო 30 მაჟორიტარული ოლქი, ამ 30-ს კი არ დაემატება 45, 30-ს დაემატება მხოლოდ 15, რომ პარტიის მიერ ჯამურად აღებული მანდატების რაოდენობა არ აღემატებოდეს ამომრჩეველთა იმ პროცენტს, ვინც მას მხარს უჭერს. კონსტიტუციაში წერია, რომ პარლამენტი შედგება 73 მაჟორიტარული წესით არჩეული და 77 პროპორციული წესით არჩეული წევრისაგან. მანდატების განაწილების წესი განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობით“, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ, რომელთა შორისაც არიან „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „გამარჯვებული საქართველო“, თაკო ჩარკვიანის „კანონი და სამართალი“, ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“, „შენების მოძრაობა“, „გირჩი“, „ლეიბორისტული პარტია“, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების კონსტიტუციური პირობები შეიმუშავა. პარტიებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის პრეზენტაციაც დღეს გამართეს და ეუთო-ოდირს გაუგზავნიან. დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში, ისინი დოკუმენტს საკანონმდებლო ინიციატივის სახით შეიტანენ პარლამენტში.

დატოვე კომენტარი