ვახტანგ ხმალაძე - პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კონსტიტუციური კანონპროექტი სამართლებრივად ჩავარდნილი არ არის
ვახტანგ ხმალაძე - პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კონსტიტუციური კანონპროექტი სამართლებრივად ჩავარდნილი არ არის

2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კონსტიტუციური კანონის პროექტი ჩავარდნილი არ არის, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ხმალაძემ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

როგორც მან განმარტა, კონსტიტუცია ამბობს, რომ კონსტიტუციური კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას სამივე მოსმენით მხარს დაუჭერს პარლამენტის წევრთა არანაკლებ 2/3. აღნიშნული კანონპროექტი გადაეცემა მომდევნო მოწვევის პარლამენტს და თუ ისიც 2/3-ის უმრავლესობით მხარს დაუჭერს პროექტს, მაშინ პრეზიდენტს გადაეცემა. პრეზიდენტი ხელს აწერს, ქვეყნდება და ძალაში შედის.

„შემდეგ პუნქტში კი წერია, თუ კონსტიტუციური კანონის პროექტს მხარს დაუჭერს პარლამენტის არანაკლებ 3/4, მაშინ ის პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა. პრეზიდენტი ხელს აწერს აქვეყნებს და ძალაში შედის. კონსტიტუციამ თქვა, რომ კანონპროექტმა 2/3-ზე ნაკლები არ უნდა მიიღოს. თუ 2/3-დან 3/4-მდე მიიღო, მაშინ მომდევნო პარლამენტში მიდის. თუ პირდაპირ 3/4 მიიღო. მაშინ ძალაში შედის.

გუშინ კანონპროექტმა 101 ხმა მიიღო, ანუ 2/3-ზე მეტი, ესე იგი, ის ჩავარდნილი არ არის და აუცილებელია მისი განხილვა მეორე მოსმენით. თუ მეორე მოსმენითაც არ მიიღო 100 ხმაზე ნაკლები, მესამე მოსმენაზე უნდა გავიდეს. თუ მესამე მოსმენით 100 ხმაზე ნაკლები მიიღო, ჩავარდება, ხოლო თუ მიიღო 2/3-ზე მეტი, მაგრამ 113 ხმაზე ნაკლები, მაშინ მომდევნო პარლამენტს უნდა გადაეცეს. თუ 3/4 მიიღო აქ დგება საკითხი, რა ხდება მაშინ“, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

კონსტიტუციონალისტი მიიჩნევს, რომ მთავარი მესამე მოსმენაა, თუმცა ფიქრობს, რომ ინტერპრეტაციების თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია საკონსტიტუციო ცვლილებების ხელახალი ინიცირება. ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ ეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მოესწრება.

„მიმაჩნია და არა მხოლოდ მე, სხვა კონსტიტუციონალისტებსაც მიაჩნიათ, რომ მთავარი მესამე მოსმენაა. კანონპროექტმა არ უნდა მიიღოს დადგენილ მინიმუმზე ნაკლები არც ერთი მოსმენისას, მაგრამ გადამწყვეტი არის მესამე, რადგან პარლამენტი პირველი და მეორე მოსმენით კანონპროექტს იღებს. მესამე მოსმენით კი, პარლამენტი უკვე კანონს იღებს. ასეთ ინტერპრეტაციას აქვს არსებობის უფლება, რომ გადამწყვეტი მესამე მოსმენაა. თუმცა შეიძლება, ვინმე სხვაგვარად ფიქრობდეს. ამიტომ ყოველგვარი რისკებისგან, რომ თავი დავიზღვიოთ, უმჯობესი იქნება ახალი კანონპროექტის ხელახლა ინიცირება და განხილვის დაწყება“, – განაცხადა კონსტიტუციონალისტმა.

ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ ეს პროცესს მცირედით გააჭიანურებს, თუმცა აღნიშნულ სქემას პროცედურული თვალსაზრისით, მოწინააღმდეგე არ ეყოლება.

„მთავარი გახლავთ ის, რა უნდა დღევანდელ „ქართულ ოცნებას“ – მზად არის თუ არა, ეს კანონპროექტი მიიღოს. მე ამ მზადყოფნას ვერ ვხედავ. „ქართულ ოცნებაში“ პარტიის ხელმძღვანელობას პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არ უნდა. ასეთ შემთხვევაში, რა მნიშვნელობა აქვს, იქნება თუ არა ახალი პროექტი ინიცირებული, მაინც ჩააგდებენ. სურვილის შემთხვევაში, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება 2020 წლის არჩევნებამდე შესაძლებელია“, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

კონსტიტუციონალისტის თქმით, სწორედ ეს არის საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის შეთავაზების მიზეზი.

„სწორედ ეს გახლდათ მიზეზი, რომ ჩვენ ოპოზიციურ პარტიებს შევთავაზეთ ე.წ. გერმანულ მოდელზე გადასვლა, რასაც კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა არ სჭირდება. ამისთვის საკმარისია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა, რასაც 76 ხმა სჭირდება. გერმანული მოდელის შემთხვევაში, რჩება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემაც და 73 მანდატი. ოღონდ იცვლება პროპორციული წესით მანდატების განაწილება. მანდატები განაწილდება პროპორციულად. ყველა პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა განისაზღვრება პროპორციული არჩევნებისას პარტიის მიერ მიღებული ხმის პროცენტების შესაბამისად“, – აღნიშნა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძემ.

კონსტიტუციონალისტი განმარტავს, რომ ე.წ. გერმანული მოდელით, მაგალითად, თუ პარტია არჩევნებზე პროპორციული წესით მიიღებს ხმათა 20 პროცენტს, მაშინ მას ეკუთვნის 150 მანდატის 20 პროცენტი, ანუ 30 მანდატი.

„ასევე თავისია მაჟორიტარული წესით მიღებული მანდატებიც. ყველა მაჟორიტარულ ოლქში რომ მოიგოს, ანუ 73 მანდატი მიიღოს და პროპორციულ ნაწილში 40 ან 50 პროცენტი მიიღოს, 73 მანდატზე მეტს მაინც ვერ მიიღებს. მთლიანად დაიბლოკება ის, რაც აქამდე ხდებოდა“, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

კითხვაზე, არის თუ არა რეგლამენტის დარღვევა თუ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით არ განიხილავს, კონსტიტუციონალისტი ამბობს, რომ ამით რეგლამენტი დაირღვევა.

რეგლამენტს დაარღვევენ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომ პროექტმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვა და ჩავარდა, არასწორი განცხადებაა. შეიძლება, ეს კონსტიტუციის არასაკმარის ცოდნას და ემოციურ ფაქტორს დავაბრალოთ. თუმცა სამართლებრივად კანონპროექტი ჩავარდნილი არ არის“, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

დატოვე კომენტარი