ვახტანგ კაპანაძე - ამერიკას აქვს ბერკეტები, თუნდაც სანქციები, უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება და თუ მოინდომებს, შეძლებს, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე წამოიყვანოს
ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება, შეიძლება ითქვას, რომ არის შემდეგი – ოპერატიული ინიციატივა აქვს რუსეთს, ეს უდავოა, თუმცა ფრონტის ერთიანად განხილვა არ შეიძლება, ვინაიდან ეს 1 000 კმ-ზე მეტი გადაჭიმულობის ფრონტია, – ამის შესახებ სამხედრო მეცნიერებათა დოქტორმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
კაპანაძემ უპასუხა წამყვანის შეკითხვას, როგორია, მისი შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან თითქმის ოთხი წლის შემდეგ ფრონტის ხაზზე ვითარება.
„აქ არის ცალკეული საოპერაციო რაიონები, ზოგიერთ მონაკვეთში ტაქტიკური უპირატესობა აქვს უკრაინასაც, გარკვეული დასახლებული პუნქტებიც გაათავისუფლეს, მაგრამ, ზოგადად, ერთიანად, რუსეთს, რა თქმა უნდა, აქვს ინიციატივა, ახერხებს წინ წაწევას“, – განაცხადა კაპანაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად იზიარებს და ეთანხმება შეფასებებს, რომლებიც ბოლო პერიოდში გვხვდება, როცა ცალკეული ექსპერტები და იგივე დასავლური მედიაგამოცემები ავითარებენ მოსაზრებას, რომ რუსეთის მხრიდან პირობების დაყენება, მისი კატეგორიული მიდგომები და ხისტი პოზიცია ერთგვარად განპირობებულია ფრონტის ხაზებზე ბოლო პერიოდში შეცვლილი ვითარებით და რუსეთის მხრიდან უპირატესობის მოპოვებით, ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა, რომ არ შეიძლება თქმა, რომ სრულად ეთანხმება, ვინაიდან რუსები ვერ ახერხებენ გარღვევის განხორციელებას, თუმცა ბოლო ერთი თვის განმავლობაში მათ დაიკავეს უკრაინის ტერიტორიის 500 კვ/კმ, ოღონდ თუ ჩავთვლით უკრაინის მთელ ტერიტორიას ფრონტის ხაზზე.
„ეს არის იმ პირობებში, როდესაც ეს დაკავებული ტერიტორიის რაოდენობა არ არის რეკორდული რუსებისთვის, თუმცა რეკორდულია მათ მიერ განხორციელებული შეტევების რაოდენობა. ანუ მათი წინსვლის ტემპი არის საკმაოდ დაბალი. ვინაიდან გარღვევას ვერ ახერხებენ რუსები ფრონტის ხაზზე, და გარღვევა ნიშნავს სივრცეში გაჭრას, სიღრმეში შესვლას და ასე შემდეგ, როცა ვერ ახერხებენ უკრაინელების მთლიანი დაცვის მოშლას, იძულებული არიან, ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად განახორციელონ თანდათანობით მიწოლა და განდევნა რაღაც გარკვეული მცირე ზომის ტერიტორიებიდან“, – განაცხადა კაპანაძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, იმ ფონზე, როცა ოპტიმისტური პროგნოზებია დონალდ ტრაპის სამშვიდობო გეგმის წარდგენის შემდეგ, იმ ვითარების გათვალისწინებით, რაც ახლა მან აღწერა და რაც არის ახლა ფრონტის ხაზზე, გრძელვადიან პერსპექტივაში თუ სამშვიდობო მოლაპარაკები ამჯერადაც წარუმატებლად დასრულდება და კონკრეტული კომპრომისული შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება, როგორ გავლენას მოხდეს აშშ-ის მიდგომა და უკვე გაცხადებული პოზიცია, რომ ის სამხედრო დახმარებას შეუზღუდავს უკრაინას, ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა, რომ, მაგალითად, ახლა მოსკოვში შეხვედრაზეც ისაუბრეს გარკვეულ პოზიტიურ ნიშნებზე, თუმცა, ფაქტობრივად, შედეგი არ ყოფილა.
„მოლაპარაკებზე დათანხმება-არდათანხმებით, ჟონგლიორობით და მოლაპარაკებებით პუტინი წელავს დროს, ვინაიდან მას იმედი აქვს, რომ მოხდება დაქანცვა და საომარი მოქმედებით გადაღლა როგორც უკრაინის, ასევე ევროპის და ეს აისახება ამ დახმარებებზეც. ომი ახლა მიმდინარეობს გამოფიტვის ტაქტიკით. აქ რუსეთი ნამდვილად ვერ იქნება იმის იმედზე, რომ ევროპა გამოიფიტება, გამომდინარე ტექნოლოგიური და ეკონომიკური შესაძლებლობიდან და იმ დახმარებიდან, რასაც უკრაინა იღებს. მისთვის მთავარია, რაც შეიძლება დიდხანს გაწელოს საომარი მოქმედებები და მოსახლეობა გადაღალოს, როგორც ევროპაში, ისე უკრაინაში, ამ გაუთავებელი დაბომბვებით და საომარი მოქმედებებით. ეს არის მისი მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე. ამავე დროს მას აქვს იმედი, რომ გარკვეული ცვლილებები მოხდება ხელისუფლებაში, შეიძლება, მოვიდნენ მემარჯვენე ორგანიზაციები, მემარჯვენე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ევროპაში, მოსახლეობაში იყოს გარკვეული უკმაყოფილება გაჭიანურებულ ომთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ამის იმედზე აგრძელებს პუტინი თავის ამ საომარ მოქმედებებს“, – განაცხადა კაპანაძემ.
ვახტანგ კაპანაძემ ასევე აღნიშნა, რომ მთავარია, მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა და ამის შემდეგ გაგრძელდეს მოლაპარაკებები.
„ამერიკა თუ მოინდომებს, მას აქვს ბერკეტები. თუნდაც ეკონომიკური სანქციების და თუნდაც უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებით შეძლებს, ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებაზე წამოიყვანოს რუსეთი. რა თქმა უნდა, რუსეთსაც სჭირდება სულის მოთქმა, მაგრამ არა ჯარების გამოყვანით, და ეს მას აძლევს საშუალებას, ცეცხლის შეწყვეტაზე, გარკვეულწილად, დათანხმებაზე წამოიყვანონ რუსეთი, ვინაიდან მასაც სჭირდება გადაჯგუფება, ამოსუნთქვა, გაძლიერება, თუკი ცეცხლის შეწყვეტის საპასუხოდ იქნება სანქციების შეწყვეტაც“, – განაცხადა კაპანაძემ.