ვახტანგ გომელაურმა სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან თათბირი გამართა
ვახტანგ გომელაურმა სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან თათბირი გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მოადგილესთან, გიორგი ბუთხუზთან ერთად, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა.

შსს-ს ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ეკონომიკის და ლოგისტიკის დეპარტამენტების დირექტორები, ასევე, დაცვის პოლიციის თავმჯდომარე და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის, მომსახურების სააგენტოს და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსები.

ვახტანგ გომელაურს და გიორგი ბუთხუზს დანაყოფების ხელმძღვანელებმა კვარტალური ანგარიში წარუდგინეს.

სამუშაო თათბირზე განხილულ იქნა განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტის საკითხი.

ასევე, აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების სამუშაო პირობების უფრო მეტად გაუმჯობესების მიზნით თბილისსა და რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც გულისხმობს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების შენობების მშენებლობა-რეაბილიტაციას, ასევე ტექნიკის, აღჭურვილობისა და ავტოპარკის განახლებას.

საუბარი შეეხო სამინისტროსთვის ბიუჯეტის ზრდის ტენდენციას.

შინაგან საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთი შეხვედრა მოადგილესთან, იოსებ ჭელიძესთან ერთად გამართა. შეხვედრას დაესწრნენ განსაკუთრებულ დავალებათა, ობიექტების დაცვის და სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტების დირექტორები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი.

მიმდინარე თათბირზე საუბარი შეეხო დეპარტამენტებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ახალი ბაზების მშენებლობას და თანამშრომელთა გადაიარაღების პროცესს, საგანგებო და სამაშველო ძალების გაძლიერების მიმართულებას.

შეხვედრის დასასრულს შინაგან საქმეთა მინისტრმა დამსწრე პირებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და შესაბამისი დავალებები მისცა.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.