ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარ შემთხვევაში ბრალდებული 2006-დან 2021 წლამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა
ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარ შემთხვევაში ბრალდებული 2006-დან 2021 წლამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა

საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.

მისი თქმით, დაღუპულია ხუთი ადამიანი, დაჭრილთაგან ერთის მდგომარეობა კი მძიმეა.

„ძალიან მძიმე შემთხვევაა. ვუსამძიმრებ ოჯახებს. ხუთი ადამიანია გარდაცვლილი. სამწუხაროდ, ერთია ჩვენი თანამშრომელი. ხუთია დაჭრილი, ერთ-ერთი არის მძიმე, რომელსაც ოპერაცია უტარდება და ექიმები ჯერ ვერ გვეუბნებიან, რა დონის სიმძიმეა. არტერია აქვს დაზიანებული და ვერ გვეუბნებიან ზუსტად, გადარჩება თუ ვერა. ღმერთმა ქნას, გადარჩეს“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, ვერავინ ხსნის, რა მოხდა.

„მოქალაქემ სახლიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა. სახლში იმყოფებოდა მისი შვილი, სრულწლოვანი ბიჭი. სროლა დაიწყო აივნის ერთი მხრიდან, მერე – მეორე მხრიდან. ამ ბავშვმა დატოვა შემდეგ სახლი, გამოვიდა. მერე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, მეორე მხრიდან გახსნა ცეცხლი და დაიჭრა ჩვენი თანამშრომელი. საავადმყოფოში გადაყვანის დროს დაიღუპა. ეს ვიცით ჯერჯერობით“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, თავდასხმაში ბრალდებული პირი 2021 წლამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.

„ოპერატიულად რაც დაგვიდასტურეს, 2006 წლიდან მუშაობდა, 2021 წელს არის წამოსული. პირველადი ინფორმაციაა და დაზუსტებით ვერ გეტყვით. როგორც უკვე გვითხრეს, 2021 წელს დატოვა სამხედრო სამსახური და წამოვიდა. ავღანეთშიც ნამყოფია, მისიაშიც, როგორც დაგვიდასტურეს და არავინ იცის ჯერჯერობით ზუსტად“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, სპეცდანიშნულების რაზმს ბრალდებული გარდაცვლილი დახვდა.

„სპეცდანიშნულების რაზმი ჩამოვიდა, დაიწყო ღონისძიება, მოუწოდეს, რა თქმა უნდა, იგივე გასროლა გააკეთა. კარი რომ შეაღო სპეცდანიშნულების რაზმმა, გასროლის ხმა იყო. რომ შევიდნენ, საწოლზე იყო გადაწოლილი და ცეცხლსასროლი იარაღი გვერდზე ედო, რაც დააფიქსირეს, თავიდან სისხლი მოსდიოდა. იქვე იყო ხელყუმბარის რგოლები, რამდნიმე ცალი. შეიძლებოდა, ყოფილიყო დანაღმული, გამოვიძახეთ გამნაღმველები. ახლა დაამთავრეს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, გამნაღმველებმა ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს და ტერიტორია უსაფრთხოა.

მინისტრის განცხადებით, მომხდარის შესახებ ვერაფერს ამბობს ბრალდებულის შვილი.

„შვილი ვერაფერს გვეუბნება. რომ გამოვედი გვამები იყო, გამოვიქეცი მეო, ვერაფერს გვეუბნება“, – დასძინა ვახტანგ გომელაურმა.

საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გვიან ღამით გახსნა.

ბოლო ინფორმაციით,  სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო დაჭრილია ხუთი პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.