ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანი კონტაქტურია
ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანი კონტაქტურია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანი კონტაქტურია.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად, ნანგრევებში დაახლოებით 10-15 ადამიანია მოყოლილი. აქედან ორი კონტაქტურია და მაშველებს ესაუბრება.

„რამდენიმესადარბაზოიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა, ჩვენ გამოძიება დავიწყეთ. დავადგენთ, რამ გამოიწვია ნგრევა. დაახლოებით ხუთი სართულია ჩამონგრეული. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი ნანგრევებში. კონტაქტზე გამოდის ორი ადამიანი, ისინი ცოცხლები არიან და ტელეფონით გვესაუბრებიან, თუმცა ვერ გვიხსნიან, სად, რომელ სართულზე არიან, თუმცა ვესაუბრებით ტელეფონით. ასეულობით მაშველია ჩართული. საშუალება არ არის, რომ ბევრი ადამიანი ავიდეს, 100 და 200 მაშველი ავიდეს ერთდროულად, თუმცა ერთმანეთს ვცვლით, ტექნიკაა ჩართული. მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, ადგილობრივი ხელისუფლების მერია, მუნიციპალური სამსახურები, და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს, თუმცა ამ შემთხვევაში სწრაფად მუშაობა ვერ გამოდის – შეიძლება უფრო დავაშავოთ და უფრო ცუდი მოხდეს. ძალიან მაღალ დონეზე მუშაობენ ჩვენი მაშველები, რომ ბეტონია თუ რაც არის, ნანგრევები გადმოვალაგოთ, რათა ცოცხალი ვინც არის, ის ადამიანები გამოვიყვანოთ“, – განაცხადა გომელაურმა.