ვახტანგ გომელაური ხელისუფლების დამხობაზე ვანო მერაბიშვილის განცხადებას არასერიოზულს უწოდებს
ვახტანგ გომელაური ხელისუფლების დამხობაზე ვანო მერაბიშვილის განცხადებას არასერიოზულს უწოდებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ვანო მერაბიშვილის განცხადებას ხელისუფლების დამხობაზე არასერიოზულს უწოდებს.

როგორც მან აღნიშნა, ვანო მერაბიშვილმა მოიხადა სასჯელი და გამოვიდა საპატიმროდან, მის განცხადებებზე კი საუბარს არ აპირებს.

„ვანო მერაბიშვილმა მოიხადა სასჯელი, რაც მიუსაჯა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულმა სასამართლომ  და გამოვიდა. რა თქვა, როგორ თქვა, რა არ თქვა, ამაზე მე არ დავიწყებ საუბარს. გაკეთდა განმარტებები როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან“, – განაცხადა გომელაურმა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება გუშინ დატოვა. ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება“.