ვახტანგ გომელაური სომხეთის პოლიციის უფროსს შეხვდა
ვახტანგ გომელაური სომხეთის პოლიციის უფროსს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსი, ვაჰე ღაზარიანი, დელეგაციასთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

შსს-ს სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ვაჰე ღაზარიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

„სტუმრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში მდებარე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. სომხეთის პოლიციის დელეგაციის წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნენ. შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვაზე შეთანხმდნენ“, – ნათქვამია საქართველოს შსს-ს ინფორმაციაში.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები: გიორგი ბუთხუზი, იოსებ ჭელიძე და ალექსანდრე დარახველიძე, ასევე, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები, ხოლო სომხეთის დელეგაციის მხრიდან: პოლიციის უფროსის მოადგილეები, ერევნის პოლიციის უფროსი და სხვა დანაყოფის უფროსები.

სამინისტროს ცნობით, სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსი, დელეგაციასთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, მომსახურების სააგენტოს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს, შსს-ს აკადემიას ესტუმრებიან და მათი მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნობიან.