ვახტანგ გომელაური „სინოფარმის“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა
ვახტანგ გომელაური „სინოფარმის“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური „სინოფარმის“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა.

აცრა გომელაურმა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი რესპუბლიკური კლინიკა) ჩაიტარა.

„აცრა გავიკეთე „სინოფარმის“ ვაქცინით. ეს ნაბიჯი გადავდგი იქიდან გამომდინარე, რომ მინდა, ყველას მოვუწოდო, პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ასევე ჩვენს მოქალაქეებს, გაიკეთონ ვაქცინა, იქნება ეს „სინოფარმის“ თუ სხვა სახის ვაქცინა.

მსოფლიოში, მათ შორის ჩვენთანაც დღითიდღე უარესდება ეპიდსიტუაცია, ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. რასაც ვხედავთ და რასაც გვეუბნება მსოფლიო ჯანდაცვა, ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ექიმები, სხვა გამოსავალი არ არის, ყველა უნდა აიცრას, ვისაც ჯანმრთელობა უწყობს ხელს და ვისაც ექიმების რეკომენდაცია ექნება“, – განაცხადა გომელაურმა.

ასევე, გომელაურის გარდა, ამავე კლინიკაში „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრენ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ოთარ კერესელიძე.

ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია საქართველოში 27 აპრილიდან იყო შესაძლებელი. „სინოფარმით“ იმუნიზაციის პროცესი კი 4 მაისიდან დაიწყო.

რაც შეეხება მიმდინარე კვირაში ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლების ჩართვას, ამასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.