ვახტანგ გომელაური - შსს-სთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და დანაშაულის პრევენცია
ვახტანგ გომელაური - შსს-სთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და დანაშაულის პრევენცია

კრიმინალური პოლიციის რეფორმა, საგამოძიებო, საუბნო და ოპერატიული მიმართულებების გამიჯვნას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც გომელაურმა გამოსვლაში აღნიშნა, შსს-სთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და დანაშაულის პრევენცია. სწორედ ამიტომ, სამინისტროში მიმდინარეობს კრიმინალური პოლიციის რეფორმა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და დანაშაულის პრევენცია. სწორედ ამიტომ, სამინისტროში მიმდინარეობს კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რაც გულისხმობს საგამოძიებო, საუბნო და ოპერატიული მიმართულებების გამიჯვნას, გამოძიების ხარისხის ამაღლებას და საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის დანერგვას. ამ ეტაპისათვის საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო ფუნქციები გამიჯნულია თბილისის პოლიციის დეპარტამენტში. ასევე, საგამოძიებო და ოპერატიული ფუნქციები გამიჯნულია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. აღნიშნული პროცესი გაგრძელდება და გამიჯვნა მოხდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე დაწყებულია საუბნო მიმართულების გარდაქმნა საზოგადოებაზე ორიენტირებულ საპოლიციო საქმიანობად. შესაბამისად, ინერგება მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი. აღნიშნული პროცესი უკვე მიმდინარეობს თბილისის კრიმინალურ პოლიციაში, კერძოდ მართლწესრიგის ოფიცრები უკვე მუშაობენ ვაკე-საბურთალოს რაიონში. მართლწესრიგის ოფიცრების უმთავრესი ამოცანაა დანაშაულის პრევენციაზე მუშაობა. აღნიშნული რეფორმა განხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.