ვახტანგ გომელაური - შარშან გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ქმედებები საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის მიმართულებით
ვახტანგ გომელაური - შარშან გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ქმედებები საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის მიმართულებით

გასულ წელს გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გარკვეული ქმედებები საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის მიმართულებით, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას.

მისი თქმით, მიმდინარეობდა საზოგადოებას, ხელისუფლებასა და პოლიტიკურ სპექტრს შორის ნდობის შემცირების პროცესის ხელშეწყობა და საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებით ხდებოდა ჯანსაღი გეოპოლიტიკური ხედვის მიმართ ნეგატიური განწყობების შექმნა.

„ზემოაღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, სამსახურის მხრიდან, ტარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხორციელდებოდა ოპერატიული ვითარების შესწავლა და წინმსწრები ინფორმაციის მოპოვება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა და აღნიშნა, რომ მუდმივად ხდებოდა შესაბამისი უწყებებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების დროული ინფორმირება.

ვახტანგ გომელაურმა დეპუტატებს დღეს მისი უწყების გასული წლის საქმიანობის ანაგარიში წარუდგინა. ფორმატი ნახევრად დახურულია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშის მოსმენის ნაწილი ღია იყო, ხოლო კითხვა-პასუხის დროს სხდომა დაიხურა.