ვახტანგ გომელაური - საოკუპაციო ძალა უკანონო დაკავებებს, ე.წ. ბორდერიზაციას საქართველოში მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოსახდენად იყენებს
ვახტანგ გომელაური - საოკუპაციო ძალა უკანონო დაკავებებს, ე.წ. ბორდერიზაციას საქართველოში მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოსახდენად იყენებს

2018 წელს კვლავ მიმდინარეობდა უკანონო დაკავებებისა და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს ადგილობრივ საზოგადოებებს შორის ურთიერთობის მაქსიმალურად შეზღუდვა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა, სადაც წლიურ ანგარიშს წარადგენს.

მისი თქმით, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საოკუპაციო ძალა უკანონო დაკავებებსა და ე.წ. ბორდერიზაციას, საქართველოში სამოქალაქო აზრის ფორმირებისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოსახდენად იყენებს.

ამასთან, როგორც გომელაურმა აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივად ახდენდა ვითარების მონიტორინგს და აგრძელებდა მუშაობას აღნიშნული პროცესების წინააღმდეგ, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით.

„უსაფრთხოების სამსახური, როგორც წამყვანი უწყება, აქტიურად იყო ჩართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრებში. მიმდინარეობდა მექანიზმის ფარგლებში მოქმედი „ცხელი ხაზის“ ეფექტური გამოყენება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე.

ვახტანგ გომელაურმა დეპუტატებს დღეს მისი უწყების გასული წლის საქმიანობის ანაგარიში წარუდგინა. ფორმატი ნახევრად დახურულია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშის მოსმენის ნაწილი ღია იყო, ხოლო კითხვა-პასუხის დროს სხდომა დაიხურა.

 

დატოვე კომენტარი