ვახტანგ გომელაური - სამოხელეო და კორუფციულ დანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში, სუს-მა არაერთი თანამდებობის პირი და საშუალო რგოლის საჯარო მოხელე დააკავა
ვახტანგ გომელაური - სამოხელეო და კორუფციულ დანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში, სუს-მა არაერთი თანამდებობის პირი და საშუალო რგოლის საჯარო მოხელე დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანტიკორუფციულ სააგენტოში 2018 წელს გამოძიება სისხლის სამართლის 71 საქმეზე დაიწყო, – ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა, სადაც წლიური მუშაობის ანგარიში წარადგინა.

მისი თქმით, გასული წლების მსგავსად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო.

„სამოხელეო და კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არაერთი მაღალი თანამდებობის პირი და საშუალო რგოლის საჯარო მოხელე დააკავა. საქართველოს ანტიკორუფციულ სააგენტოში 2018 წელს გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 71 საქმეზე. საანგარიშო პერიოდში, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა 133 პირი სისხლის სამართლის 30 საქმეზე“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

სუს-ის ხელმძღვანელის შეფასებით, კორუფცია მრავალი მიმართულებით ფუნდამენტურად აზიანებს ქვეყნის განვითარებას, სახელმწიფოსადმი ნდობას, ასუსტებს დემოკრატიას და მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.