ვახტანგ გომელაური - რაც მოხდა, სადამდეც მიიყვანა სოსო გოგაშვილი მისმა საქციელმა და ქმედებებმა, კი ვხედავთ, არავისთვის მინდა ცუდი, მით უმეტეს, მისი ოჯახისთვის
ვახტანგ გომელაური - რაც მოხდა, სადამდეც მიიყვანა სოსო გოგაშვილი მისმა საქციელმა და ქმედებებმა, კი ვხედავთ, არავისთვის მინდა ცუდი, მით უმეტეს, მისი ოჯახისთვის

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე განცხადება რამდენიმე დღის წინ უკვე გააკეთა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ შეხვედრა კანონის სრული დაცვით მოხდა.

„იუსტიციის მინისტრი არ ვარ. როგორც ვიცი, გააკეთა განცხადება მინისტრმა და კანონის სრული დაცვით მოხდა სოსო გოგაშვილთან ოჯახის წევრების შეშვება. როგორც ვიცი, გამომძიებელს კანონმდებლობით აქვს უფლება, ერთჯერადად დაუშვას ესა თუ ის პიროვნება პატიმართან შეხვედრაზე“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ამასთან, ვახტანგ გომელაურს კითხვა დაუსვეს: „თქვენი შვილის მეგობარი გაატაცებინეთ სოსო გოგაშვილს“, რაზეც გომელაურმა უპასუხა, რომ ეს არის სრული აბსურდი.

„სრული აბსურდია. არ ვიცი, საიდან მოიგონა. შამოევიო, ამოევიო, თუ რაღაც და ესეც სრული აბსურდი იყო. ახლა ალბათ არაერთ აბსურდს გაიგებთ“, – განაცხადა გომელაურმა.

როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, სოსო გოგაშვილთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია.

„არ დამირეკავს, არ შემდგარა არანაირი კომუნიკაცია, არ შემდგარა არანაირი მუქარა. მით უმეტეს, ოჯახისა და ოჯახის ამოწყვეტის მუქარა, სასაცილოა. სამსახურიდან მისი გათავისუფლების შემდეგ ჩვენ ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, რომ გადადგა კიდეც, მას შემდეგ პარტიაში იყო რამდენიმე ხანი და ურთიერთობა გვქონდა ჩვეულებრივად, ჩემთანაც ყოფილა ოჯახში მას შემდეგ და არანაირი დაძაბული ურთიერთობა ჩვენ არ გვქონია. რჩევაც უკითხავს და მიმიცია. შეიძლება, ათჯერ გაიყვანეს საშხაპეში, მე არ ვიცი. არ ვიცი, შიგნით რა ხდებოდა. საშხაპეში გაიყვანეს, თუ სხვაგან გაიყვანეს, მე რა ვიცი. ის ჩემი დაწესებულება არ არის, მაგრამ მე რომ არ დამირეკავს მასთან და კომუნიკაცია არ მქონია, ეს ვიცი 100 პროცენტით.

წარმოიდგინეთ, ყველაზე მეტად გაოცებული მე ვარ. ელემენტარულად, არავის ვაყვედრი არაფერს, რაც შემეძლო, ყველაფერი გავუკეთე. ეს ადამიანი იყო დაბალ თანამდებობაზე, არაფერი ჰქონდა, მერე გახდა პირველი მოადგილე და როგორც არის, ღმერთმა მისცეს, კარგად იყოს. არანაირი ცუდი არ მინდა მისი ოჯახისთვის. რაც მოხდა, სადამდეც მიიყვანა მისმა საქციელმა და ქმედებებმა, კი ვხედავთ. კიდევ ვწუხვარ, არ მინდა არავისთვის ცუდი, მით უმეტეს, მისი ოჯახისთვის“, – განაცხადა გომელაურმა.

ამასთან, კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ გოგაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარებენ, მივა თუ არა საგამოძიებო უწყებაში, გომელაურმა აღნიშნა, რომ მზად არის, კითხვებს პასუხები გასცეს.

„რა თქმა უნდა, მე მზად ვარ, თუ კითხვები ექნება, პასუხი გავცე გამოძიებას“, – აღნიშნა გომელაურმა.