ვახტანგ გომელაური პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიადაში გამარჯვებულ ქართველ სამართალდამცველებს შეხვდა
ვახტანგ გომელაური პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიადაში გამარჯვებულ ქართველ სამართალდამცველებს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური „პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიური თამაშები – 2022″-ში გამარჯვებულ თანამშრომლებს შეხვდა. ვახტანგ გომელაურმა ოქროსმედალოსან სამართალდამცველებს წარმატებული ასპარეზობა პირადად მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

„პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიური თამაშები – 2022„ სხვადასხვა ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მონაწილეობით, ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ როტერდამში, გაიმართა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ოლიმპიადაზე ექვსი
ოქროს მედალი მოიპოვეს და სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩემპიონები გახდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კალანდაძემ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კობა კობახიძემ და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ლევან გილიგაშვილმა ძალისმიერ
წოლჭიმში, სხვადასხვა წონით კატეგორიაში, ოქროს მედლები მოიპოვეს.

პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიადაზე, ძიუდოს სახეობაში გაიმარჯვა და ასევე ოქროსმედალოსანი გახდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი – გიგა ბერიაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის თანამშრომელი – ადამურ არქანია კი მკლავჭიდში ორ ოქროს მედალს დაეუფლა.

„პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიური თამაშები – 2022“-ში გამარჯვებული ქართველი სამართალდამცველები არაერთი საერთაშორისო სპორტული ასპარეზობის პრიზიორები არიან.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.