ვახტანგ გომელაური - ტერორიზმში ბრალდებულების გეგმების დასადგენად, ორი მიმართულებით ვმუშაობთ
ვახტანგ გომელაური - ტერორიზმში ბრალდებულების გეგმების დასადგენად, ორი მიმართულებით ვმუშაობთ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, იმის დასადგენად, თუ რას გეგმავდნენ ტერორიზმში ბრალდებული პირები, გამოძიება ორი მიმართულებით მუშაობს, თუმცა ვახტანგ გომელაურის თქმით, ამ საკითხზე დეტალურად ვერ ისაუბრებს.

მისივე თქმით, მუშაობა ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) წარმომადგენლების დახმარებით მიმდინარეობს.

„ჩვენ ახლა გვაქვს მუშაობის ორი მიმართულება. გვეხმარებიან ჩვენი კოლეგები ფედერალური საგამოძიებო ბიუროდან. მათ იარაღების სამალავის აღმოჩენაში დიდი წვლილი აქვთ, ინფორმაციის მოწოდების მხრივ. ამერიკულ მხარესთან ერთად, მოხდა სამალავების დამუშავება. ​თუ რას გეგმავდნენ, ამ კუთხით ორი მიმართულებაა, რომლებსაც ვერ დავასახელებ. საქართველოზე მუშაობდნენ, თუ სხვა მიმართულებით მუშაობდნენ, ტერაქტის მოსაწყობად თუ რაზეც იყვნენ, ჯერ ვერ დავასახელებ“, – აღნიშნა გომელაურმა.

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებით, პარლამენტში, ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვახტანგ გომელაურს რამდენიმე საათის განმავლობაში უსმენდნენ.

შეგახსენებთ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა. სპეცოპერაცია სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ჩაატარა.

ოფიციალური მონაცემებით, ლიკვიდირებულია სამი პირი, მათ შორის არის აჰმედ ჩატაევი. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სუს-ის ერთი თანამშრომელი.