ვახტანგ გომელაური - ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს პოლიტიკურ პატიმრებს არ დავარქმევდი, ყველა ადამიანი თანასწორია, თუ დააშავებს, პასუხი უნდა აგოს
ვახტანგ გომელაური - ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს პოლიტიკურ პატიმრებს არ დავარქმევდი, ყველა ადამიანი თანასწორია, თუ დააშავებს, პასუხი უნდა აგოს

ყველა ადამიანი თანასწორია და თუ დააშავებს, პასუხი უნდა აგოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.

მისივე თქმით, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი პოლიტიკური პატიმრები არ არიან.

„პოლიტიკურ პატიმრებს, რა თქმა უნდა, მე არ დავარქმევდი ამას. ყველა ადამიანი თანასწორია და თუ დააშავებს, პასუხი უნდა აგოს, ეს იქნება მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, რიგითი თანამშრომელი თუ დეპარტამენტის ხელმძღვანელი. პროკურატურამ ჩათვალა საჭიროდ, რომ პატიმრობით შესულიყვნენ და ეს ადამიანები დააკავეს. მათ მტკიცებულებები ჰქონდათ და საფუძვლები ჰქონდათ, რატომაც შევიდნენ, დაუკმაყოფილა სასამართლომ. ახლა გადაწყვიტეს, რომ გირაოთი შესულიყვნენ და გამოუშვეს. პროკურატურას რომ კითხოთ, ის გეტყვით უფრო კარგად, რატომ. აღარ იყო მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და ჩათვალა ალბათ, პროკურატურა იძიებს, მე არ ვიძიებ. ეს ადამიანები ვინ მონათლა მოღალატეებად, ვინმე გამოვიდა ოფიციალურად და გამოაცხადა, რომ ესენი მოღალატეები არიან?! გვარს და სახელს ვერ ასახელებთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.