ვახტანგ გომელაური - მოხდება საპოლიციო ძალების სრული გადამზადება, სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის მასშტაბური განახლება
ვახტანგ გომელაური - მოხდება საპოლიციო ძალების სრული გადამზადება, სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის მასშტაბური განახლება

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა. პრეზენტაციაზე ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ 2024 წლისთვის სრულად ამოქმედდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები, რომლებითაც მკაფიოდ გაიმიჯნება გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებები, 2025 წელს დასრულდება კრიმინალური პოლიციის რეფორმის პირველი ეტაპი, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი  2023 წელს მოიცავს თბილისსა და მსხვილ ქალაქებს, ხოლო 2030 წლისთვის – მთელ ქვეყანას.

„რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და საპოლიციო თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოების მიზნით, მიმდინარეობს და 2025 წელს დასრულდება კრიმინალური პოლიციის რეფორმის პირველი ეტაპი, რომლის მიზანია საგამოძიებო, საუბნო და ოპერატიული მიმართულებების სრული გამიჯვნა ტერიტორიულ ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებში.

გრძელვადიან ჭრილში კი, გამიჯნული ფუნქციების შესაბამისად, მოხდება საპოლიციო ძალების სრული გადამზადება, სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის მასშტაბური განახლება, რაც შედეგად მოგვცემს გამოძიების სრული ციკლის გაუმჯობესებას და დანაშაულის შემცირებას, ისევე, როგორც მასზე რეაგირების ღონისძიებების ხარისხის ზრდას.

2024 წლისთვის სრულად ამოქმედდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები, რომლებითაც მკაფიოდ გაიმიჯნება გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა დანაშაულის პრევენციასა და საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო მოდელი – მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი. შემუშავებული და დამტკიცებულია საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარება.

ამ ეტაპზე, თბილისის სამ რაიონში 279 მართლწესრიგის ოფიცერი მუშაობს. გეგმის მიხედვით, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი 2023 წელს მოიცავს თბილისსა და მსხვილ ქალაქებს, ხოლო 2030 წლისთვის – მთელ ქვეყანას“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.