ვახტანგ გომელაური - მეხანძრე-მაშველების ბევრი გმირული მაგალითის მიუხედავად, პოლიტიკოსებისგან თუ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირებისგან ბევრი შეურაცხმყოფელი, ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა
ვახტანგ გომელაური - მეხანძრე-მაშველების ბევრი გმირული მაგალითის მიუხედავად, პოლიტიკოსებისგან თუ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირებისგან ბევრი შეურაცხმყოფელი, ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა

მეხანძრე-მაშველების ძალიან ბევრი გმირული მაგალითის მიუხედავად, პოლიტიკოსებისგან თუ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირებისგან ბევრი შეურაცხმყოფელი, არასწორი და ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა მეხანძრე-მაშველების დღევანდელი აღჭურვილობისა და სამუშაო პირობების შესახებ. ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ, თუმცა იყო ბევრი მხარდაჭერაც, – ამის შესახებ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას.

მისი თქმით, 2023 წელი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა მთელი წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, 24 საათის განმავლობაში დაუღალავად მუშაობენ.

გომელაურის განცხადებით, დიდი გამოწვევა იყო რაჭაში მომხდარი ტრაგედია, როდესაც ყველამ ნახა, როგორ თავდაუზოგავად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ მაშველები.

„ამ დიდი ტრაგედიის დროს, მოქალაქეებთან ერთად, ჩვენ დავკარგეთ ძალოვანი სისტემის თანამშრომლები. მე მინდა, პატივი მივაგო მათი და შინაგან საქმეთა სამინისტროს გმირულად დაღუპული ყველა თანამშრომლის ხსოვნას. მიუხედავად მეხანძრე-მაშველების ძალიან ბევრი გმირული მაგალითისა, პოლიტიკოსებისგან თუ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირებისგან ბევრი შეურაცხმყოფელი, არასწორი და ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა მეხანძრე-მაშველების დღევანდელი აღჭურვილობისა და სამუშაო პირობების შესახებ. ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ, თუმცა იყო ბევრი მხარდაჭერაც. მინდა, მოგახსენოთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დღეს არის ყველაზე ძლიერი, ვიდრე აქამდე ყოფილა ეს სამსახური. 2023 წელი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის. ჩვენმა გმირმა მეხანძრე-მაშველებმა მთელი წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, 24 საათის განმავლობაში დაუღალავად მუშაობენ. მთელმა მსოფლიომ გაიგო ქართველი მაშველების გმირობის შესახებ მაშინ, როცა გასულ წელს რამდენიმე ასეული მეხანძრე-მაშველი თურქეთში გაემგზავრა და უწყვეტ რეჟიმში ჩაერთო ძებნა-შველისა და გადარჩენის ღონისძიებებში. ჩვენ ვნახეთ დამსახურებული მადლობები როგორც რიგითი მოქალაქეების, ასევე თურქეთის ხელისუფლების უმაღლესი პირებისგან“, – განაცხადა გომელაურმა.