ვახტანგ გომელაური - მცხეთასა და თბილისში მომხდარ ფაქტებზე გამოძიება დაწყებულია, თუ ვინმე დასაკავებელია, დააკავებენ
ვახტანგ გომელაური - მცხეთასა და თბილისში მომხდარ ფაქტებზე გამოძიება დაწყებულია, თუ ვინმე დასაკავებელია, დააკავებენ

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მცხეთის მერიასთან და პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გამოძიება დაწყებულია.

რაც შეეხება ინციდენტში მონაწილე პირების დაკავების საკითხს, გომელაური ამბობს, რომ საქმე აღძრულია და პოლიცია შესაბამისად იმოქმედებს.

„გამოძიება დაიწყო შეხლა-შემოხლაზე. ჩვენ მათ მივუწოდეთ, რომ ჩაბრძანებულიყვნენ ქვემოთ, ამ ადამიანებმა უარი განაცხადეს, მოხდა დაპირისპირება ორ ჯგუფს შორის. იყო ჭიდაობა პოლიციასთან, რაც ძალიან სამწუხაროა. საქმე აღიძრა და თუ დასაკავებელია, დააკავებენ ადამიანებს. მივიდნენ „ქართული ოცნების“ მომხრეები და გამოხატეს პროტესტი. სტიკერებს აკრავდნენ, თუ საღებავს ასხამდნენ, ეს მეორე თემაა. მოვიდა პოლიცია და დაპირისპირება მოუხდათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირობითად. ვინ უნდა გაწიოს პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან „ქართული ოცნების“ თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები? “ ,- განაცხადა გომელაურმა.

მინისტრის თქმით, სამწუხაროა, რომ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ხდება.

„ძალიან ცუდია, რაც ხდება, არ უნდა ხდებოდეს დაპირისპირება, ახალგაზრდები არიან, ქართველები არიან და ჩვენი მოქალაქეები არიან. პოლიციის მოწოდების მიუხედავად, დაწვნენ ძირს, არ დგებოდნენ, ერთი შეუძლოდ გახდა, სამწუხაროდ. პოლიციამ რა უნდა ქნას – ესენი არ დგებიან, ვისი ოფისიც არის, ისინი აგრესიას გამოხატავენ. ორივე მხარეს იყო დაპირისპირება, თუ ხელს მოკიდებენ და ჩასვამენ მანქანაში, პოლიციამ დააკავა და რატომ აკეთებს ამასო, როცა არ აკეთებს ამას, რატომ არ აკეთებსო. ძალიან რთულია ამ ადამიანებისთვისაც. ქუთაისში არ მახსოვს, მაგრამ მცხეთასა და თბილისში მომხდარზე დაწყებულია გამოძიება“ ,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.