ვახტანგ გომელაური - კიბერუსაფრთხოების სფეროში დღეს შედარებით უფრო ძლიერად ვართ, თუმცა გვინდა, ხვალინდელი დღე უფრო ძლიერი იყოს
ვახტანგ გომელაური - კიბერუსაფრთხოების სფეროში დღეს შედარებით უფრო ძლიერად ვართ, თუმცა გვინდა, ხვალინდელი დღე უფრო ძლიერი იყოს

კიბერუსაფრთხოების სფეროში დღეს შედარებით უფრო ძლიერად ვართ, თუმცა გვინდა, ხვალინდელი დღე უფრო ძლიერი იყოს და აღარ იყოს ისე ადვილი ჩვენი მტრების, სხვა ჯაშუშების შემოღწევა და ინფორმაციის წაღება ამა თუ იმ სახელმწიფო უწყებებიდან, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კიბერუსაფრთხოების ფორუმის გახსნამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

„კიბერუსაფრთხოების მიმართულება ერთ-ერთი მოწყვლადია მსოფლიოში და ჩვენი ქვეყანაც არ არის გამონაკლისი. უკვე რამდენიმე წელია, ორი-სამი წელია, აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, აშშ-სთან, ევროკავშირთან, ბრიტანეთთან. ეს ერთ-ერთი ურთულესი მიმართულებაა. ჩვენ გვახსოვს რამდენიმე დიდი შეტევა 2019 წლის შემოდგომაზე, ახლაც მოხდა კიდევ კიბერშეტევა. ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაძლიერება. გუშინ უფრო სუსტი იყო, დღეს შედარებით უფრო ძლიერად ვართ, თუმცა გვინდა, რომ ხვალინდელი დღე უფრო ძლიერი იყოს და აღარ იყოს ისე ადვილი ჩვენი მტრების, სხვა ჯაშუშების შემოღწევა და ინფორმაციის წაღება ამა თუ იმ სახელმწიფო უწყებებიდან“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა

კითხვაზე, გამოკვლევის შემდეგ იყო თუ არა რუსეთიდან ჩარევა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, „კონკრეტულად ვერ ვიტყვი, რომელი სამსახურები იყო ჩართული, ვმუშაობთ კოლეგებთან ერთად და რა თქმა უნდა, მათთან გახსნილები ვართ“.

ამასთან, კითხვაზე, თუ არსებობს გაწერილი რამდენიმეწლიანი სტრატეგია, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა – „სტრატეგია რა თქმა უნდა, არსებობს და მას მივყვებით და დღევანდელი ფორუმიც მაგის შედეგია. ვფიქრობ, წაადგება ქვეყანას ძალიან. ხედავთ, როგორი დიდი ინტერესია დღევანდელი დღის. ფორუმზე ელჩების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მეგობრების დასწრებაც ამაზე მეტყველებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ამ მიმართულებით არის ინტერესით ჩართული“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.