ვახტანგ გომელაური - კარგია, რომ ქალბატონები ბედავენ უკვე და ოჯახური ძალადობის ფაქტების შემთხვევაში რეკავენ პოლიციაში
ვახტანგ გომელაური - კარგია, რომ ქალბატონები ბედავენ უკვე და ოჯახური ძალადობის ფაქტების შემთხვევაში რეკავენ პოლიციაში

ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის პრევენციის მიმართულებით ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. კარგია, რომ ქალბატონები ბედავენ უკვე და რეკავენ პოლიციაში ოჯახური ძალადობის ფაქტების შემთხვევაში,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით პრევენციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა; დამზადდა ვიდეორგოლები, დაიგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინებები ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, რომ მიემართათ პოლიციისთვის, ასევე, 112-მა აამოქმედა SOS ღილაკი.

„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე შეტყობინებების რაოდენობა გაზრდილია. მინდა, რომ ორი სიტყვით აგიხსნათ, რამ გამოიწვია ეს ზრდა. ეს მნიშვნელოვანი და მთავარი თემა იყო. პოლიციისთვის მიმართვა ბარიერი იყო. ხშირი იყო, როდესაც ვთქვათ მეზობელი რეკავდა, რომ ხმაურია და იქნებ მოაკითხოთ. ადგილზე გვხვდებოდა ნაცემი ადამიანი, ამ შემთხვევაში მეუღლე ან ბავშვი. იყო შემთხვევა, როცა მაგალითად ნათესავი რეკავდა და ითხოვდა, იქნებ დროზე მიხვიდეთ, რადგან ძალიან ცუდი მდგომარეობააო. ხშირ შემთხვევაში გვხვდებოდა ნაცემი ქალბატონი, თუმცა იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მამაკაცი დაგვხვდა ნაცემი. ხშირ შემთხვევაში ქალბატონებსა და ბავშვებზე არის ხოლმე ზეწოლა. როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამ მიმართულებით პრევენციაზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. დავამზადეთ ვიდეორგოლები, დავაგზავნეთ SMS-ები ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, რომ მოემართათ პოლიციისთვის. 112-მა აამოქმედა ასევე SOS ღილაკი, რადგან როცა იყო შემთხვევა, რომ ვერ რეკავდნენ და იყო SOS ღილაკის საშუალებით გამოეძახებინათ პოლიცია. სხვათა შორის ბევრმა გამოიყენა. SOS ღილაკის პროგრამა 112-მა შექმნა და დაახლოებით 1 400 მოქალაქეს ჰქონდა გადმოწერილი. ჩვენი აქტივობებით კიდევ დამატებით 5 000-მა ადამიანმა გადმოიწერა. ჩვენი მიზანი ეს იყო. ცუდია, რა თქმა უნდა, რომ იზრდება ერთის მხრივ ოჯახში ძალადობის შემთხვევები, თუმცა მეორეს მხრივ, კარგია, რომ ქალბატონები ბედავენ უკვე და რეკავენ. ძალიან ბევრი შემთხვევაა უკვე ამისი“, – განაცხადა გომელაურმა.

მისივე თქმით, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის მიმართ მხოლოდ გასულ წელს 10 266 საქმეზე დაიწყო გამოძიება, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალადობა გამოაშკარავდა და ბევრი ადამიანი მიეცა პასუხისგებაში.

„შემიძლია, მაგალითები მოგიყვანოთ: 2017 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის მიმართ 2 878 საქმეზე. ამის შემდეგ იზრდებოდა და უკვე 2019 წელს, სრული წელი რომ ავიღოთ, 10 266 საქმეზეა ასული. თითქმის გაოთხმაგებულია მომართვიანობა. მე არ ვამბობ, რომ ძალადობამ იმატა, პირიქით გამოაშკარავდა ეს ძალადობა, უკვე ბევრი რეკავს და ძალიან ბევრი ადამიანი იქნა პასუხისგებაში მიცემული. მიმდინარე წელსაც უკვე 9 570 შემთხვევაა, ერთი თვის, დეკემბრის გამოკლებით. სხვათა შორის, ძალიან ნაკლები შემთხვევა იყო ეთნიკურად აზერბაიჯანული სომხური მოსახლეობით დასახლებული რაიონების სოფლების მიმართულებით. ასევე, ქართული ოჯახებიდან ძალიან ნაკლებად იყო მიმართვიანობა და უკვე დაიწყო ნელ-ნელა. ძალიან კარგია, თუ ასე წავალთ. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ სასიხარულო არ არის, რომ მოიმატა ოჯახში ძალადობის მაჩვენებელმა, თუმცა მომართვიანობამ რომ მოიმატა, ეს არის ძალიან კარგი და ერთხელ და სამუდამოდ ალბათ, ეს კონტროლს ქვეშ იქნება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.