ვახტანგ გომელაური გრიგოლ ვაშაძეზე - ადამიანმა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტობაზე აქვს პრეტენზია, შეიძლება პოლიციელს ჩაფხუტზე ხელი ჩამოარტყას?!
ვახტანგ გომელაური გრიგოლ ვაშაძეზე - ადამიანმა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტობაზე აქვს პრეტენზია, შეიძლება პოლიციელს ჩაფხუტზე ხელი ჩამოარტყას?!

ვიღაცისთვის შეიძლება მაგალითიც იყოს ეს, რომ შეიძლება პოლიციელს ჩაფხუტზე ხელი ჩამოარტყა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აქციაზე ოპოზიციონერი ლიდერების, მხრიდან სამართალდამცველების მიმართ ქმედებებზე საუბრისას განაცხადა.

ამ კონტექსტში მან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე გაიხსენა.

„ადამიანმა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტობაზე აქვს პრეტენზია, შეიძლება პოლიციელს ჩაფხუტზე ხელი ჩამოარტყას?! ცუდია, რა თქმა უნდა. მისი საქციელი რაღაც დოზით გადამდებია. ვიღაცისთვის შეიძლება, მაგალითიც იყოს, რომ თურმე შეიძლება, პოლიციელს ჩაფხუტზე ხელი ჩამოარტყა, შეგიძლია ქურთუკი შემოახიო, ხელი კრა, დაემუქრო – ნახე რას გიზამო, დამთავრდება არჩევნები, ჩვენ რომ მოვალთ, დაგიჭერთ და ასე შემდეგ. აქციების დროს ძალიან ბევრი იყო მუქარა ზუსტად ამ ოპოზიციური ლიდერებისგან – „ჩვენ რომ მოვალთ, შენ ნახე“, „ჩვენ გიმახსოვრებთ ძალიან კარგად“ და სხვა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლის მხრიდან მსგავს ქმედებებს არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა მოჰყვებოდა.

„თუ იმავეს გააკეთებს ვთქვათ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, პირობითად მმართველი გუნდის წარმომადგენელი, გამოვა მთელი სპექტრი, დაწყებული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, გამოვლენ და მოითხოვენ ალბათ, დავიჭიროთო. არ მინდა, არასამთავრობოების კრიტიკაში ჩამეთვალოს, ბევრთან ვთანამშრომლობთ და ძალიან კარგად, სხვათა შორის. არ ვიცი ყველაზე უმაღლესი სასჯელი, რაც შეიძლება, იმ ქმედებაზე მივცეთ. მათზე არავინ არ გამოდის. რატომ არ გამოვიდა ვინმე თუნდაც ვაშაძის თემაზე – რატომ არ დააკავეთ, რატომ არ დასაჯეთ, რომ რაღაც საქციელი ჩაიდინა – გაგიგიათ, ვინმე გამოსულიყო მაგ კუთხით? არ გამოსულა. ეს სამწუხაროა, რა თქმა უნდა, ახალისებს და პოლიციელებზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ეს პირიქით, აგრესიას იწვევს,“- აღნიშნა მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.