ვახტანგ გომელაური - გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დღეიდან მოხდება ჩვენი მოქალაქეების გამოძევება გერმანიიდან, არის სიცრუე, პირიქით, დასაქმების კუთხით მეტი კარი იხსნება
ვახტანგ გომელაური - გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დღეიდან მოხდება ჩვენი მოქალაქეების გამოძევება გერმანიიდან, არის სიცრუე, პირიქით, დასაქმების კუთხით მეტი კარი იხსნება

საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნად დასახელება ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ თუ გვინდა, რომ დიდ ოჯახში, ევროკავშირში კარი გაგვიხსნან, პირველ რიგში ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და ამას მოჰყვება თავისი ვალდებულებებიც, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

შს მინისტრის თქმით, მიგრაციასთან მიმართებაში კანონმდებლობა გამკაცრებულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების მოქალაქეების მიმართაც.

ამასთან, როგორც გომელაურმა აღნიშნა, ამ კუთხით, პრობლემებია საქართველოში შემოსული სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართებაშიც.

„თითქმის ერთი წელი გვიწევს დავა ელემენტარულ საქმეებზე. უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოვიდა, ყველა უწყებამ უთხრა უარი, ერთი წელი ჩივის, არის დავა. იგივე ხდება გერმანიაშიც, საფრანგეთშიც. გერმანიის შს მინისტრმაც ახსენა, რაც ხდება ჩვენს ირგვლივ, ღაზას სექტორი, უკრაინის პრობლემები, მთელ მსოფლიოში ტერორიზმის საფრთხეებია. აქედან გამომდინარე შევეცდებით მაქსიმალურად შევიწროებულ ვადაში მოხდეს აღმოფხვრა რომელმაც დაარღვია კანონი. მე ვთხოვე ქალბატონ მინისტრს იქნებ მათი გამოცდილება გაგვიზიარონ. პირველ რიგში ადამიანის უფლებები რომ არ დავარღვიოთ, აქეთკენ მივდივართ“, – განაცხადა გომელაურმა.

ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დღეიდან მოხდება ჩვენი მოქალაქეების გამოძევება გერმანიდან, არის სიცრუე.

„პირიქით, უფრო მეტი კარი იხსნება ჩვენთვის დასაქმების კუთხით. სამუშაო ვიზების გაცემა დღეს უფრო შემჭიდროვებულია და მომავალში იქნება უფრო ადვილად ხელმისაწვდომი, ვიდრე დღეს არის. რაც შეეხება სამუშაოს, გერმანიაში სჭირდებათ კვალიფიციური ადამიანები, თუნდაც მძღოლები, ოჯახებში დასაქმებულები. ორივე მხარეს შეიქმნება ჯგუფები, რომელიც გაფილტრავს სამუშაოს მაძიებლებს. პირობითად, 100 000-დან შეირჩევა 20 ადამიანი. საქართველოდან მოხდება საბუთის მიწოდება, დაიდება ხელშეკრულება, რამდენი ხანი უნდა იმუშაოს – ექვსი თვე, ერთი წელი, გაიცემა ლეგალური ვიზა. ჩავა და იმუშავებს ლეგალურად და არა ვთქვათ შეპარვით, კანონის დარღვევით. ბევრი მიდიოდა ვითომ სამუშაოდ და შემდეგ ქრებოდა, ვპოულობდით სხვა ქვეყანაში, იყო ხოლმე ქურდობაც. სამწუხაროდ, გვინდა თუ არა, ხდება. ასეთი რაღაც ჩვენთანაც ხდება. ჩამოდიან სხვა ქვეყნიდან და არის ძალიან ბევრი კანონდარღვევა. ადამიანი, რომელიც მუშაობს იქ პატიოსნად და გაფორმებულია, იმას არანაირი პრობლემა არ შეექმნება. მკურნალობაზეც ხაზს ვუსვამ, თუ რაიმე ისეთია, რაც ჩვენთან არ კეთდება, მის გამოძევებაზე საუბარი არ იქნება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.