ვახტანგ გომელაური - ერთი ადამიანი ყველაზე ვარსკვლავი იყო „დოჟდის“ ტელევიზიაში, პრინციპულად არ შემოვუშვით და ვთქვათ, 14 კაცი შემოვუშვით? ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს
ვახტანგ გომელაური - ერთი ადამიანი ყველაზე ვარსკვლავი იყო „დოჟდის“ ტელევიზიაში, პრინციპულად არ შემოვუშვით და ვთქვათ, 14 კაცი შემოვუშვით? ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საზღვარზე კონტროლი გამკაცრებულია.

როგორც გომელაურმა პარლამენტში განაცხადა, არსებობს გაიდლაინები, რომლის მიხედვითაც წყვეტს მესაზღვრე, ვინ შემოუშვას და ვინ – არა ქვეყანაში. ვახტანგ გომელაურის თქმით, ვერ დაეთანხმება მოსაზრებას, თითქოს პოლიტიკურ დავალებებს გასცემს ხელისუფლება და კონკრეტულად უწყება.

„შედარებით გამკაცრებული გვაქვს კონტროლი საზღვარზე. უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ვმუშაობთ. მესაზღვრეებს თავისი გაიდლაინები აქვთ, რატომ უშვებენ ან არ უშვებენ პირებს. იგივე კითხვები დაისვა ჟურნალისტების შემოშვება, არშემოშვებაზე, ასევე რუსეთის ოპოზიციური ჯგუფებისა და სხვა მოქალაქეების შემოშვება-არშემოშვებაზე.

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვერ წარმომიდგენია, რომელიმე ქვეყანაში თუ არსებობს ისეთი მესაზღვრე, რომელიც ეკითხება პირს, უკაცრავად, თქვენ ოპოზიციიდან ბრძანდებით თუ პოზიციიდან და თუ შემოსვლა უნდა, მეორე ეტყვის, კი ბატონო ოპოზიციიდან ვარ. თუ იცის, რომ ოპოზიციონერებს უშვებენ, ოპოზიციიდან ვარო, იტყვის. რაც შეეხება „დოჟდის“ ჟურნალისტს, რაზეც ატყდა ამბავი, გადაწყვეტილება მიიღო მესაზღვრემ. როდესაც იმავე ტელევიზიის წარმომადგენლები, რამდენიმე ჟურნალისტი უკვე შემოსული იყო, ამ ერთ ადამიანზე რა პრინციპი არსებობდა? ყველაზე ვარსკვლავი იყო „დოჟდის“ ტელევიზიაში და პრინციპულად არ შემოვუშვით, ხოლო ვთქვათ, 14 კაცი შემოვუშვით? რაღაცა ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს. მაშინ არავის არ შემოვუშვებდით, ლოგიკურად ასეა. შემოვიდა 12 თუ 14, ან კიდევ სამი პირი და ერთი არ შემოუშვეს?

ბევრჯერ გაგვიბრუნებია ასევე გერმანიის, ბრიტანეთის მოქალაქე. რაღაც კრიტერიუმი ვერ დაუკმაყოფილებიათ და მესაზღვრეს გაუბრუნებია. ვთქვათ, იგივე შელაპარაკებიდან გამომდინარე, როგორც საქართველოს მოქალაქე არ შეუშვიათ სხვა ქვეყანაში, ისე არ შემოგვიშვია ჩვენც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე. ყოფილა შემთხვევა, ელჩი მოსულა, ნაწყენი ყოფილა, რატომ არ შემოვუშვით მოქალაქე, გვითქვამს, ამიტომ არ შემოვუშვით. ბოდიში, მადლობა უთქვამს და წასულა. ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით იმაში, თითქოს პოლიტიკურ დავალებებს გავცემთ ხელისუფლება, მე და ჩემი მოადგილეები“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურმა ასევე აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, უსაფრთხოების სამსახური საზღვარზე კონტროლს მაქსიმალურად ახორციელებენ.

„საზღვრის თემები პრობლემატურია, რთულია გაფილტვრა ყველა ადამიანის. ოპერატიულ დონეზე ვერ ვისაუბრებ, რას ვაკეთებთ, როგორ ვმუშაობთ, რას ვამუშავებთ, ღია ტელევიზიით ვერ გამოვალთ და ამაზე ვერ ვისაუბრებთ. რა თქმა უნდა, ვმუშაობთ და რაც შეგვიძლია, მაქსიმალურად ამომწურავად ვასრულებთ ჩვენს დავალებას, საქმიანობას, იმას, რაც გვევალება ჩვენც და უსაფრთხოების სამსახურსაც“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.