ვახტანგ გომელაური - დმანისში ინციდენტი დღეს ამოიწურა, მხარეები შერიგდნენ, თუმცა ვითარების კონტროლის მიზნით, რაღაც მასშტაბით ვტოვებთ პოლიციურ ძალებს
ვახტანგ გომელაური - დმანისში ინციდენტი დღეს ამოიწურა, მხარეები შერიგდნენ, თუმცა ვითარების კონტროლის მიზნით, რაღაც მასშტაბით ვტოვებთ პოლიციურ ძალებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დმანისის მოვლენებთან დაკავშირებით ამ დროისთვის არც ერთი პირი დაკავებული არ არის, არამედ მიმდინარეობს გამოკითხვები.

„დაკავებული არც ერთი ადამიანი არ არის, გამოკითხვაზე იმყოფებიან ადამიანები, გამოკითავენ და გამოვუშვებთ, თუმცა გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს და რამდენი ადამიანი იქნება დაკავებული მომავალში, ეს დღეს არ ვიცით. დაკავებული არავინ იქნება, გამოიკითხებიან და გამოუშვებენ“, – აღნიშნა გომელაურმა.

რაც შეეხება უშუალოდ ინციდენტს, მინისტრის თქმით, ამჟამად ინციდენტი ამოწურულია, დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ, თუმცა ვითარების კონტროლის მიზნით, ადგილზე დარჩებიან პოლიციური ძალები.

„რაც შეეხება იმ ინციდენტს, რაც მოხდა ქვემოთ, 5-6 ლოკაციაზე იყვნენ პოლიციელები განაწილებული და სამწუხაროდ, არა მხოლოდ დმანისიდან ჩასულები, თბილისიდან, რუსთავიდან და სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული ადამიანები იყვნენ, სადაც დაიძაბა ვითარება და მოხდა შეხლა-შემოხლა. როგორც ვიცი, ასევე დაზიანდნენ ჟურნალისტები, ამაზეც, რა თქმა უნდა, ერთობლივი, დიდი გამოძიებაა დაწყებული, ერთი საქმეა გამოყოფილი და ამის ფარგლებში იქნება გამოკვლეული. რაც შეეხება თვითონ თემას, ინციდენტი დღეს ამოიწურა, შეხვდა ორივე მხარე, ასე ვთქვათ, შერიგდნენ, იმედია, აღარ გაგრძელდება.

რაღაც მასშტაბით რა თქმა უნდა პოლიციურ ძალებს ვტოვებთ, არა როგორც ჩვეულებრივ დროს არის ხოლმე, დამატებითი ძალები დარჩებნიან და იქნება კონტროლი. 100-პროცენტიანი ვერავინ იტყვის, ხვალ რა მოხდება, მაქსიმალურად ვცდილობთ, ამოიწუროს ეს კონფლიქტი“, – განაცხადა გომელაურმა.

გომელაურმა მადლობა გადაუხადა საპატრიარქოს წარმომადგენლებს, რომლებიც, მისივე თქმით, კონფლიქტის ამოწურვას ცდილობდნენ.

„ყველა ჩართული იყო. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა საპატრიარქოს. იყვნენ საპატრიარქოს წარმომადგენლები, ჩამობრძანებული იყო მამა ანდრია ჯაღმაიძე, მამა კირიონი. მეუფეები იყვნენ ჩართული, დიდი მადლობა მათ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გარდა ამისა, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, არიან დაშავებულები, თუმცა არც მოქალაქეების და არც პოლიციელების მხრიდან მძიმედ არავინ დაშავებულა.

„როგორც ვიცი, არიან დაშავებულები, მძიმედ არც ერთი არ არის, როგორც მაქვს ინფორმაცია, არც მოქალაქეების და არც პოლიციელების მხრიდან მძიმედ არავინ არ არის დაშავებული, პატარ-პატარა დაზიანებები აქვთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრმა განმარტება გააკეთა კონფლიქტის ადგილზე წყლის ჭავლის მანქანის მიყვანასთან დაკავშირებითაც.

„ვიდრე შერიგება მოხდებოდა, საშიშროება იყო და აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, დამატებით მაინც წყლის ჭავლის მანქანა ამოგვეყვანა და ადგილზე ყოფილიყო…იყო ძალიან რთული სიტუაცია, ეს არ არის ქალაქი, სოფელია, სადაც როცა დაიკეტა გზა, უკაცრავად და, ღობეებზე გადმოხტნენ, გადახტნენ ნაკვეთებში, შემოუარეს სხვა სახლებს და იქიდან გამოვიდნენ ეს ადამიანები. რთული იყო, აქ ელემენტარული ძალიან დიდი მასა უნდა ყოფილიყო მაშინ მობილიზებული დილიდანვე. რა ვიცოდით, გუშინ განიმუხტა სიტუაცია და დაკითხვაზე გადაიყვანეს ხალხი. საპროტესტო აქცია არ მზადდებოდა, ეს ადამიანები სპონტანურად შეიკრიბნენ დილით, თავიდან იყო პატარა რაოდენობა, შემდეგ მოიმატა, ავიდა თითქმის 200 ადამიანამდე. 200 კაცამდე იყო მობილიზებული პოლიციაც, თუმცა გაშლილი იყო სხვადასხვა ლოკაციაზე. აქედან გამომდინარე, გზა დაიკეტა. ვიმეორებ, შემოუარეს სხვადასხვა ქუჩას, ნაკვეთებს, უკაცრავად, გადმოხტნენ და ასე მივიდნენ დასახლებამდე,სადაც მოხდა უკვე დაძაბულობა. ჯერ, რა თქმა უნდა, ყველა მონაწილე პირის იდენტიფიცირება ვერ მოხდა. გუშინ იყო 20-25 ადამიანი, დღეს იყო 500 ადამიანი და უფრო მეტი, აქედან გამომდინარე, ვმუშაობთ.

როცა ასეთი რამ ხდება, ეს არ არის მხოლოდ მმართველი გუნდის, სახელმწიფოს, პოლიციის ან ადგილობრივი დეპუტატების გადასაწყვეტი და ასე ვთქვათ, სანერვიულო. აღარ დავასახელებ ადამიანებს, მათ შორის ტელევიზიებს, ისე აშუქებდნენ, თემა მიდიოდა, რომ აი, უბედურება ხდება, ხალხო, დროზე, ეთნიკურად აზერბაიჯანლებს კლავენ ან აპირიქით, ეთნიკურად აზერბაიჯანელები კლავენ ქართველებს, ასეთი რაღაცები ხდებოდა ზოგ-ზოგიერთ ტელევიზიებში. სამწუხაროდ, ასე არ უნდა ხდებოდეს, ყველა ქართველები ვართ, ესენიც ჩვენი მოქალაქეები არიან, ჩვენი ძმები არიან ეთნიკურად აზერბაიჯანელები, არ შეიძლება ინფორმაციის ასე მიწოდება, თითქოს ინგრევა ქვეყანა, ამ დროს იმის 10 პროცენტიც არ იყო“, – აღნიშნა გომელაურმა.

დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან გუშინ ინციდენტი მოხდა, რა დროსაც სცემეს მაღაზიის მეპატრონე, რომელსაც შემდეგ სამედიცინო დახმარება გაეწია. განადგურდა მაღაზიის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთმა ადგილობრივმა გამოცემამ გუშინ გაავრცელა ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც მაღაზიასთან დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. მთელი ღამის განმავლობაში დმანისის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მიმდინარეობდა. ამასთან, დმანისში დღეს ვითარება დილიდანვე დაიძაბა. ადგილობრივებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. ამ დროისთვის დმანისში ვითარება განმუხტულია, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, კონტროლის მიზნით, ადგილზე რჩებიან პოლიციური ძალები.

დატოვე კომენტარი