ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ კელი დეგნანის მიერ გაკეთებული განცხადებები მისასალმებელია
ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ კელი დეგნანის მიერ გაკეთებული განცხადებები მისასალმებელია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილი კელი დეგნანის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას გაკეთებული განცხადებები მისასალმებელია.

„მე ამ ადამიანს არ ვიცნობ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ იქნება პროფესიონალი, მაღალი დონის დიპლომატი. გამჭვირვალე არჩევნები ჩვენც ძალიან გვჭირდება და ჩვენც მხარს ვუჭერთ ყოველთვის გამჭვირვალე არჩევნებს. პატარა ინციდენტები ხდება ხოლმე ყველა ქვეყანაში ხდება, არამარტო საქართველოში და მივესალმები ამ განცხადებას“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილ კელი დეგნანს გუშინ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მოუსმინეს. სიტყვით გამოსვლისას, სხვა საკითხებთან ერთად, ელჩობის კანდიდატმა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ქვეყანაში მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებზეც ისაუბრა.

„საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი იოლი არ ყოფილა და კიდევ ბევრია გასაკეთებელი ამ მიღწევების შესანარჩუნებლად და გასავითარებლად. ეს განსაკუთრებით ეხება პლურალისტული საკანონმდებლო ორგანოს წინ წაწევას, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემას, მედიის მრავალფეროვნებასა და აქტიურ სამოქალაქო სექტორს. დემოკრატიის პრინციპებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ჩემი დამტკიცების შემთხვევაში, მზად ვარ, ვიმუშავო ყველა პოლიტიკურ მოთამაშესთან საქართველოში, რათა დავრწმუნდე, რომ მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნები იქნება სამართლიანი და თავისუფალი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.