ვახტანგ გომელაური - 2020 წელს „112“-ის ოპერატორებმა ოთხ მილიონამდე ზარს უპასუხეს
ვახტანგ გომელაური - 2020 წელს „112“-ის ოპერატორებმა ოთხ მილიონამდე ზარს უპასუხეს

ცხელი ხაზების ინფრასტრუქტურა თბილისის მასშტაბით მოეწყო დამატებით სამ ლოკაციაზე. დავამატეთ ცხელი ხაზის ოპერატორთა რაოდენობა მოქალაქეების მხრიდან. ჩვენთან კომუნიკაციის ერთ-ერთ ძირითად არხს „112“ წარმოადგენს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, უწყების 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, მაგალითისთვის, 2019 წლის პირველი იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, „112“-ის ოპერატორებმა ორ მილიონამდე ზარს უპასუხეს, ხოლო 2020 წლის იგივე პერიოდში, ზარების რაოდენობა ოთხ მილიონამდე არის გაზრდილი.

„მიზნობრივ ზარებთან ერთად, სამწუხაროდ, იმატა არამიზნობრივმა ზარებმაც, ვინაიდან „კოვიდთან“ დაკავშირებულ ყველა შეკითხვაზე პასუხის მისაღებად ყველა 112-ზე რეკავდა, შესაბამისად, იზრდებოდა მომლოდინე ზარების რაოდენობაც და ხანგრძლივობაც. ჩვენ ეტაპობრივად შევძელით და დავამატეთ შესაბამისი რესურსი. 112-მა არსებულ ინფრასტრუქტურაზე მოაწყო და 2020 წლის 30 მარტს ექსპლუატაციაში გაუშვა ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი – 144. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ცხელი ხაზების ინფრასტრუქტურა თბილისის მასშტაბით მოეწყო დამატებით სამ ლოკაციაზე. ბოლო დროს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სულ ახლახან კვლავ დავამატეთ ცხელი ხაზის ოპერატორთა რაოდენობა, რათა ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად შევუმციროთ ლოდინის დრო“, – განაცხადა გომელაურმა.