ვახტანგ გომელაური 20-21 ივნისის საქმეზე სპეცრაზმელის ჩვენებას გამოეხმაურა

11:54, 26.10.2019

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის, გიორგი ესიაშვილის ჩვენებას გამოეხმაურა.

„მან განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა, რომ არასწორი მიმართულებით ისროლა. ის, რომ შტურმის საშიშროება არ იყო და ძალა არ იყო გამოსაყენებელი, ეს არ უთქვამს. სროლის აუცილებლობა იმ შემთხვევაში, კონკრეტულად, სადაც მან გაისროლა და რომელიმე მოქალაქე დააზიანა – ამაზე იყო საუბარი. მას მთლიანი ოპერაცია არ შეუფასებია და არც ჰქონდა ამის უფლება“, – განაცხადა გომელაურმა.

გამოძიება გიორგი ესიაშვილს პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას, იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი წარდგენილ ბრალდებას აღიარებს.

გიორგი ესიაშვილი ივლისში დააკავეს და მას სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

მსგავსი