ვახტანგ გომელაური - 13 წლის ბავშვის საკითხი უმძიმესია, ვეცდებით, მეტი გავაკეთოთ, მაგრამ მსგავსი შემთხვევები საზოგადოების ბრალიცაა
ვახტანგ გომელაური - 13 წლის ბავშვის საკითხი უმძიმესია, ვეცდებით, მეტი გავაკეთოთ, მაგრამ მსგავსი შემთხვევები საზოგადოების ბრალიცაა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბოლო დროს გახმაურებულ მოზარდების საქმეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ რომელიმე უწყების, არამედ საზოგადოების პრობლემაცაა.

მისივე თქმით, უწყება პასუხისმგებლობას თავს არ არიდებს და მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, კიდევ მეტს გააკეთებს. თუმცა როგორც გომელაურმა აღნიშნა, პრობლების გადასაჭრელად საზოგადოების ჩართულობა აუცილებელია.

„რაც შეეხება 13 წლის ბავშვის თემას, ძალიან ბევრი შეკითხვა წამოვიდა, ეს რა თქმა უნდა, უმძიმესი თემაა. ქალბატონმა თეამაც ბრძანა, მეც შევუერთდები, ეს არ არის მარტო შსს-ს თემა. რატომღაც ყველა იძახის, სად იყო პოლიცია. რა მოხდა? მე რა თქმა უნდა, თემას თავს არ ვარიდებ. განათლება იქნება თუ სხვა სამინისტრო, ყველას ბრალია, თქვენი ბრალიცაა, ჩემი ბრალიც, საზოგადოების, ყველას ბრალია. რომ არა საავადმყოფოდან შემოსული ინფორმაცია, ვერც გავიგებდით, რაც მოხდა, აღარ მინდა, დეტალებში შევიდე. ისე გავიდა ეს თვეები, საერთოდ არავის არაფერი უთქვამს, ან მეზობელი არ ხედავს? მარტო შსს-ს პრობლემა არ არის, არამედ საზოგადოების პრობლემაა. იგივე იყო 14 წლის ბავშვი ქობულეთში. მოიყვანეს ბიძებმა, დაიკითხა, არანაირი ძალადობა არ დაუფიქსირებია, სოციალურ მუშაკთან ერთად დაიკითხა, როგორც წესია. გავიდა და მოხდა ეს. ბაბუა დავაკავეთ, გამოძიება კიდევ მიმდინარეობს. თუ ვინმე გამოიკვეთება, დავაკავებთ. ეს სერიოზული პრობლემაა.

გახმაურებული ასეთი შეიძლება ერთი და ორი შემთხვევაა. სინამდვილეში კი სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შემთხვევაა. პანდემიიდან გამომდინარე, ამაზე ცოტა შეფერხება გვქონდა. ახლა ჩვენ დავდიოდით როგორც ქვემო ქართლში, ისე სხვადასხვა რეგიონში, შსს-ს თანამშრომლები დადიოდნენ, აცნობდნენ უფლებებს სკოლაში მოზარდებს, რომლებიც მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე კლასებში არიან. ზრდასრულ ადამიანებს, მშობლებს უკითხავდნენ ლექციებს, მათ შორის ოჯახში ძალადობაზე.

ძალიან მძიმე, რთული თემაა ეს. რა თქმა უნდა, ვეცდებით, მეტი გავაკეთოთ. მესმის, არ ვარიდებ თავს პასუხისმგებლობას. ძალიან მძიმეა, მეც მყავს შვილები, ყველას გვყავს შვილები, ურთულესი და უმძიმესი თემაა, მაგრამ ვფიქრობ, საზოგადოებაც უნდა ჩაერთოს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.