ვახტანგ ძაბირაძე - ოცდაათი წლის განმავლობაში ვიღებთ ხელისუფლებას, რომლის გაშვება პრობლემად გვიხდება
ვახტანგ ძაბირაძე - ოცდაათი წლის განმავლობაში ვიღებთ ხელისუფლებას, რომლის გაშვება პრობლემად გვიხდება

ელექტორატი სამად გაიხლიჩა, რაც საბედნიეროა, რადგან დღეს რომ ორი პოლუსი იყოს, ჩათვალეთ, 2012 წელთან მიახლოებული რეალობა გვექნებოდა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჯერ აქამდე არ ვართ მისული. „ქართულ ოცნებას“ შეუძლია და აქვს რესურსი პროცესი შეაბრუნოს? თუ შეუძლია, ძალიან კარგი, თუ არადა, მაშინ არც ვადამდელ არჩევნებს გამოვრიცხავ და სამწუხაროდ, არც იმას, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ შეიძლება, სტაბილური გარემო ვერ მივიღოთ. 2020 წელს შეიძლება, „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვოს, მაგრამ 2024 წლამდე ვერ მივა, შანსი არ არის“, – განაცხადა ძაბირაძემ.

მისი თქმით, არსებული საარჩევნო სისტემა არ ვარგა და ის უნდა შეიცვალოს. 

„ესაა პრობლემა და ამის შეცვლა გვინდა. სხვათა შორის, მე ერთადერთი ვარ, ვინც ოცი წელია, ვამბობ, რომ სისტემა კი არა, ხმის მიცემის წესი უნდა შეიცვალოს, მაგრამ ეს ცალკე თემაა“, – განაცხადა ძაბირაძემ.

როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, საქართველოში არ არსებობს არც ერთი პარტია, რომლის რიგითი წევრი მაგალითად, ჩერჩილის პოტენციალის მქონე პოლიტიკოსი გახდება და პარტიის ლიდერი ის გახდება, რადგან საარჩევნო სისტემა ამის საშუალებას არ იძლევა.

„დღეს ვერ დამისახელებთ ვერც ერთ პარტიას, რომლის რიგითი წევრი დავუშვათ, ჩერჩილის პოტენციალის მქონე პოლიტიკოსი გახდება და პარტიის ლიდერი ის გახდება. ერთი პარტია დამისახელეთ. სწორედ იმიტომ, რომ საარჩევნო სისტემა არ იძლევა ამის საშუალებას. ამიტომ, თუ ჩერჩილს საქართველოს პოლიტიკაში მონაწილეობა უნდა, მან პარტია უნდა გააკეთოს. სხვა შანსი არ აქვს. რეალობა ესაა და ამ რეალობას ეს სისტემა არ ცვლის, რითაც არჩევნები ხდება“, – განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნებში, სადაც კოალიციისკენ მიდის საქმე, უკეთესი ვითარებაა.

„ამ ოცდაათი წლის განმავლობაში ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ვიღებთ ხელისუფლებას, რომლის გაშვება პრობლემად გვიხდება. ასე არ არის?! ეს არ არის პრობლემა?! ასე იყო გამსახურდიას დროსაც, შევარდნაძის დროსაც, სააკაშვილის დროსაც და დღესაც ასეა“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.