ვახტანგ ცინცაძე – წლის მეორე კვარტალში რეკორდულია როგორც ბიზნესსექტორის ბრუნვა, ასევე გამოშვება, რეკორდულია დასაქმებულთა მაჩვენებელიც, რომელიც 828 ათასს აჭარბებს
მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, გრძელდება პოზიტიური ტენდენციები ბიზნესსექტორის სტატისტიკაში. კერძოდ, მეორე კვარტლის ჭრილში რეკორდულია როგორც ბიზნეს სექტორის ბრუნვა, ასევე გამოშვება. აღსანიშნავია, რომ გამოშვების ზრდა ფიქსირდება არა მხოლოდ მსხვილ, არამედ საშუალო და მცირე ზომის საწარმოებში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის აპრილი-ივნისის პერიოდში ბიზნეს სექტორის გამოშვების მაჩვენებელმა 25.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2025 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 10.7%-ით აღემატება.
ვახტანგ ცინცაძე აღნიშნავს, რომ საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გაზრდილია 6.6%-ით და 2 471 ლარს აღემატება.
„აღნიშნული სტატისტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობას გააჩნია სწორი, თანმიმდევრული და განჭვრეტადი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც, საბოლოო ჯამში, აისახება ბიზნესსექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდაში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს აქვს კონკრეტული მექანიზმები და აქტიურად უჭერს მხარს კერძო სექტორის განვითარებას. სხვადასხვა დივერსიფიცირებული ინსტრუმენტებით თუ პროგრამებით ჩვენ მიზნობრივად ვეხმარებით როგორც საშუალო, ისე მცირე მეწარმეებს, გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ზემოაღნიშნული ეკონომიკური ტენდენციები და მაჩვენებლები დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაში აისახება.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, მეორე კვარტლის ჭრილში რეკორდულია დასაქმებულთა მაჩვენებელი, კერძოდ, ის 32.700-ით არის გაზრდილი და 828 ათასს აჭარბებს. მისივე თქმით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამუშაო ადგილების რაოდენობა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორშია გაზრდილი.
„ჩვენი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნესგარემო, რაც, საბოლოო ჯამში, ქმნის მიმზიდველ გარემოს საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორებისთვის, რათა საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები. ეს პოზიტიურად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე და, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას“, – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.