ვახტანგ ცინცაძე - საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს მაღალი ტემპით ზრდას, რაც ხაზს უსვამს მთავრობის გონივრულ ეკონომიკურ პოლიტიკას და ქვეყნის ეკონომიკის მედეგობას
საქართველოს ეკონომიკა, გეოპოლიტიკური თუ საგარეო შოკების მიუხედავად, განაგრძობს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპებით განვითარებას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.
მისივე შეფასებით, ეს ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის გონივრულ ეკონომიკურ პოლიტიკას.
„2025 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 6,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-ივლისის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9 პროცენტით განისაზღვრა. საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკა, გეოპოლიტიკური თუ საგარეო შოკების მიუხედავად, განაგრძობს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპებით განვითარებას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის გონივრულ ეკონომიკურ პოლიტიკას და ქვეყნის ეკონომიკის მედეგობას“, – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, ასევე, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია საქონლის ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები.
„ჩვენი მოლოდინით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2025-2030 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა როგორც რეგიონის, ასევე ევროპის, მათ შორის, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, რომელიც, საშუალო,დ 5,4 პროცენტს შეადგენს“, – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 6.5 პროცენტით გაიზარდა. ივლისის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ტრანსპორტისა და დასაწყობების; ინფორმაციისა და კომუნიკაციის; ხელოვნება, გართობა, დასვენებისა და ვაჭრობის სექტორებმა.
ვახტან ცინცაძის კომენტარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.