ვახტანგ ცინცაძე - იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტის 74%-მდე ზრდა მეტყველებს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზრებზე
იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტის 73.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა, მოცულობა კი ერთი მილიარდი 550 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. ადგილობრივი ექსპორტის ზრდა მეტყველებს ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე, შესაბამისად, პროდუქცია, რომელიც საქართველოში იქმნება და იწარმოება, კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზრებზე, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მონაცემები ადასტურებს, რომ საქართველოს საგარეო ვაჭრობაში არსებული პოზიტიური დინამიკა კვლავ გრძელდება.
მისივე თქმით, ამ პერიოდში ექსპორტი 21.1%-ით გაიზარდა და რეკორდული მაჩვენებელი – 2,439.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, აპრილის თვეში კი ექსპორტი 16.1%-ით გაიზარდა და ასევე თვის რეკორდულ მოცულობას – 716.3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
„ჩვენი მიზანი და ამოცანაა, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა არაერთ ნაბიჯს დგამს, რომლებიც მიმართულია ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდაზე. ყოველივე ზემოაღნიშნული ქვეყანაში ქმნის დამატებულ ღირებულებას, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რაც, თავისთავად, პოზიტიურად აისახება მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე“, – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, აპრილის თვეში ასევე გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსი – სავაჭრო დეფიციტმა 765.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის აპრილთან შედარებით 143.0 მლნ აშშ. დოლარით გაუმჯობესდა.
რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, იანვარ-აპრილის პერიოდში ყველაზე დიდი წილი ევროკავშირის ქვეყნებს უკავია, მეორე და მესამე ადგილებზე კი ყირგიზეთი და ჩინეთი არიან. პროდუქტების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-აპრილში მნიშვნელოვნად გაიზარდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების, ფეროშენადნობების, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების, თხილისა და კაკლეულის, მინერალური და გაზიანი წყლების, მინერალური და მტკნარი წყლებისა და ღვინოების ექსპორტი.
„რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას უფრო ეფექტიანი მექანიზმებით, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.