ვახტანგ ცინცაძე - ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, რათა უზრუნველვყოთ დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ზრდა
2025 წლის განმავლობაში ეკონომიკის მაღალი ზრდის ტენდენცია დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ზრდაზე აისახა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 2025 წლის მესამე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.4%-თ გაიზარდა და 2,271.6 ლარი შეადგინა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ხელფასების ზრდა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში გამოიკვეთა.
ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, გამორჩეულად მაღალი ზრდა სამთომოპოვებითი მრეწველობის, მშენებლობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტირება და დასაწყობების სექტორებში დაფიქსირდა.
„აღსანიშნავია, რომ ხელფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც ბიზნეს, ასევე არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში. ბიზნეს სექტორში დასაქმებულების ხელფასი 2025 წლის მესამე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.5%-ით (230.8 ლარით) გაიზარდა და 2,420.9 ლარი შეადგინა, ხოლო არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში დასაქმებულების ხელფასი 10.3%-ით (187.4 ლარით) გაიზარდა და 2,000.9 ლარი შეადგინა. „ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, რათა უზრუნველვყოთ დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ზრდა,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.4 პროცენტით, ანუ 214.9 ლარით გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.