ვახტანგ ცინცაძე – ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება არაერთ ქვეყანაში, ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივი პროდუქცია კონკურენტუნარიანია არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც

15:53, 19.08.2026

საგარეო ვაჭრობის კუთხით გრძელდება პოზიტიური ტენდენციები, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

მინისტრის მოადგილის თქმით, ივლისში ადგილობრივი ექსპორტი 72 პროცენტზე მეტად გაიზარდა, მისმა მოცულობამ ივლისის თვის ჭრილში რეკორდული მაჩვენებელი შეადგინა და 462 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

„ასევე რეკორდულია იანვარი-ივლისის ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი. ადგილობრივი ექსპორტის მსგავსი დინამიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერაზე, კერძოდ, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და ეს ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი პროდუქცია კონკურენტუნარიანია არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ მომავალ წლებშიც გავაგრძელოთ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა, რათა გაიზარდოს საქართველოში წარმოებული პროდუქციის მოცულობა, ქვეყანაში შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და უზრუნველვყოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შენარჩუნება მომდევნო წლებში“, – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

2026 წლის ივლისში ექსპორტი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 30 პროცენტით გაიზარდა და თვიურ ჭრილში რეკორდულ, 793.9 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ზრდა დაფიქსირდა ადგილობრივ ექსპორტში (რეექსპორტის გამოკლებით), რაც 72.5  პროცენტით გაიზარდა და ივლისის თვის რეკორდულ ნიშნულს, 462.5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. შვიდი თვის ჯამური მონაცემებით, ექსპორტმა ასევე რეკორდული მოცულობა, 4,670.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურ 21.6-პროცენტიან ზრდას წარმოადგენს. ამავე პერიოდში ადგილობრივი ექსპორტი 64.1 პროცენტით გაიზარდა და 2,854.3 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

მსგავსი